Baby Bag

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სიძე ქორწილის დღეს მოიწამლა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პატარძალმა მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა და სიძის როლი მანეკენს შეუთავსა.

მანეკენთან მოცეკვავე პატარძლის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და უკვე 888 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

26 წლის კრისტინმა, რომელიც ქორწილში მეუღლის გარეშე დარჩა ტორტი მანეკენთან ერთად გაჭრა და ნელი ვალსიც მასთან ერთად შეასრულა. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მანეკენს თავზე iPad მიამაგრეს, რომელზეც სიძის მომღიმარი სახე იყო გამოსახული.

სოციალურ ქსელში პატარძლის ქცევამ ორაზროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია. მომხარებელთა ნაწილი მას სტრესულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღების გამო აქებდა, ნაწილი კი იმის გამო აკრიტიკებდა, რომ კრისტინი შეუძლოდ მყოფი მეუღლის გვერდით არ იყო.

კრისტინის მეუღლემ გენონ კარმაირმა აღნიშნა, რომ მას და კრისტინს პანდემიის პერიოდში დაქორწინების რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეზღუდვების გამო ქორწილი ორჯერ ჩაეშალათ. როგორც ჩანს, წყვილმა მესამე ჯერზე ცერემონიის გადადება აღარ მოისურვა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

5 რამ, რისი გაკეთებაც მშობლებმა უნდა შეწყვიტონ

5 რამ, რისი გაკეთებაც მშობლებმა უნდა შეწყვიტონ

მშობლობა რთული პროფესიაა. მშობლებს სურთ, რომ შვილები კარგ ადამიანებად აღზარდონ და მათთან ერთად მომავლისთვის სასიამოვნო მოგონებები შეაგროვონ. თითქმის ყველა მშობელს სურს, რომ ზრდასრულ შვილთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს. ამ მიზნების მისაღწევად აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ ამ ხუთი რამის გაკეთება:

  • არ დაუყვიროთ ბავშვს საჯარო სივრცეში ყოფნისას

ყველა მშობელს გამოუცდია ბრაზის მოულოდნელი შემოტევა, რომელთანაც გამკლავება მათ ვერ მოახერხეს. ბავშვის საჯაროდ გაკიცხვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა. საჯარო სივრცეში ყვირილი ბავშვს ორმაგ დარტყმას აყენებს: გარდა იმისა, რომ მას თავს ესხმით, ის საზოგადოების წინაშე სირცხვილსაც განიცდის. არასდროს დაუყვიროთ ბავშვს საჯარო სივრცეში ყოფნისას.

  • შეწყვიტეთ „კარგი დედიკოსა“ და „კარგი მამიკოს“ როლის თამაში

ბავშვებს თქვენი სახით არა მეგობარი, არამედ მშობელი სჭირდებათ. ნუ ეცდებით, რომ მათ მგსავსად გეცვათ ან ზედმეტად ჩაერთოთ ბავშვებისა და მათი მეგობრების ურთიერთობებში. თქვენს შვილებს წინამძღოლობა გაუწიეთ და რჩევები მიეცით, მაგრამ თავისუფალი სივრცე აუცილებლად დაუტოვეთ.

  • ნუ მისცემთ ბავშვებს უფლებას გააკეთონ ისეთი რამ, რაც მათ ასაკს არ შეეფერება

თანამედროვე სამყაროში სოციალური მედია ბავშვებს ნაადრევად გაზრდას „აიძულებს.“ ისინი ნაადრევად იზრდებიან და ზრდასრულების ჩვევებს იძენენ, რაც არასწორია. ნუ მისცემთ ბავშვებს იმის გაკეთების უფლებას ან ისეთი ნივთების ფლობის ნებას, რომლებიც მათი ასაკისთვის შეუფერებელია. თუ სხვებს თანამედროვე სმარტფონები აქვთ ან მშობლები ნებას რთავენ, რომ ადრეული ასაკიდანვე პაემნებზე იარონ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს შვილსაც მსგავსი უფლებები მიანიჭოთ.

  • შეწყვიტეთ ბავშვების დაცვა მათი ნებისმიერი შეცდომის შედეგებისგან

დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი შვილი შეცდომებზე ვერასდროს ისწავლის, თუ მას მის მიერ დაშვებული შეცდომების ნეგატიური შედეგებისგან ყოველთვის დაიცავთ. ბავშვებს, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ აგებენ, ცხოვრებაში ბევრი წარუმატებლობა ელით.

  • ნუ აიძულებთ შვილებს, რომ თქვენი ცხოვრებით იცხოვრონ.

ბავშვებს უჭირთ საკუთარ მიზნებში გარკვევა, ისინი ცდილობენ გაიგონ, რისი ნიჭი აქვთ, რისი გაკეთება სურთ ცხოვრებაში. ამ რთულ არჩევანს ნუ დაამძიმებთ იმით, რომ მათ საკუთარი სურვილები და ოცნებები თავს მოახვიოთ. თუ თქვენ კარგი ბალერინა იყავით, არ ნიშნავს, რომ თქვენი შვილიც ასეთივე იქნება. თუ თქვენ ფეხბურთელობაზე ოცნებობდით, არ ნიშნავს, რომ თქვენმა შვილმაც ფეხბურთში წარმატება დაისახოს მიზნად. დაეხმარეთ შვილებს მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში.

წყარო:​ imom.com

წაიკითხეთ სრულად