Baby Bag

7 საუკეთესო საბავშვო ფილმი ცხოველების შესახებ

7 საუკეთესო საბავშვო ფილმი ცხოველების შესახებ

თანამედროვე სამყაროში ​საბავშვო ფილმების ფართო არჩევანია, რის გამოც მშობლები ხშირად იბნევიან და უჭირთ ბავშვისთვის საინტერესო ფილმის შერჩევა. ჩვენს სტატიაში 7 საუკეთესო საბავშვო ფილმს გაგაცნობთ, რომლებიც ცხოველების შესახებ საინტერესო ისტორიებს მოგვითხრობენ, ამასთან იმ ასაკობრივ ჯგუფებსაც გამოვყოფთ, რომელთათვისაც მოცემული ფილმების ყურება რეკომენდებულია.

1. დულიტლი (რვა წლიდან)

ფანტასტიკური და მომხიბლავი ისტორიებიეთ ეს ფილმი თქვენი პატარას გაოცებას ნამდვილად შეძლებს. ის ექიმი დულიტლის ისტორიას გვიყვება, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ცხოველებზე ზრუნვით იქარვებს დარდს. ვეტერინარს ცხოველების ენა ესმის და მათთან კომუნიკაციის საოცარი უნარი აქვს. ფილმი თქვენს შვილს ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილის ათვისებაში დაეხმარება.

2. მეფე ლომი (ექვსი წლიდან)

დისნეის ეს ​საოცარი ფილმი ტყეში არსებული მონარქიული ყოფის სურათს გვიხატავს. ტახტის მემკვიდრე სიმბა მამის გარდაცვალების შემდეგ ტიტულისთვის იბრძვის. ფილმი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ბავშვი მას თვალს ვერ მოსწყვეტს. ფილმის ყურების შემდეგ თქვენი შვილი საკუთარ შესაძლებლობებში მეტად დარწმუნდება და მომავლისადმი ენთუზიაზმით განეწყობა.

3. ჯუნგლების წიგნი (რვა წლიდან)

ჯუნგლების წიგნი მარადმწვანე კლასიკაა. ფილმი მაუგლის შესახებ მოგვითხრობს. პატარა ბიჭი ჯუნგლებში, ცხოველების გარემოცვაში იზრდება. მას ტყეში უამრავი მეგობარი ჰყავს. ბალუ და ბაგირა მისი საუკეთესო მეგობრები არიან. მიუხედავად ამისა მაუგლის ჯუნგლებში მტრებიც ჰყავს. ფილმი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის და გამარჯვების ამბებს გვიყვება. მისი ნახვა პატარებისთვის ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

4. დიდი გამყინვარება (რვა წლიდან)

დიდი გამყინვარე საოცრად​ ლამაზ სურათებს და ბევრ სიცილს გვპირდება. ის ძუძუმწოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დიდი გამყინვარების დროს თავის გადარჩენას ცდილობენ. ფილმი ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის ბავშვს და მის განწყობაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს.

5. მადაგასკარი (შვიდი წლიდან)

ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები კუნძულ მადაგასკარზე ველურ ბუნებაში ხვდებიან. ისინი მათთვის უჩვეულო გარემოში თავის გადარჩენას ცდილობენ. ფილმი გაჯერებულია სასაცილო დიალოგებითა და მრავალფეროვანი თავგადასავლებით. ის ბავშვებს ცხოველთა შინაგან სამყაროს და ველურ ბუნებაში არსებულ კანონებს აცნობს.

6. კუნგ-ფუ პანდა (ექვსი წლიდან)

პანდა პო ბავშვების უსაყვარლესი გმირია. ​ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ პატარების სიყვარული პანდების მიმართ გაორმაგდა. ზარმაცი პანდა ოცნებობს, რომ კუნგ-ფუს მებრძოლი გახდეს. მოუხერხებელი პანდა საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის და საკუთარი მიზნებისკენ შეუპოვრად მიიწევს. ფილმი ბავშვებს მოტივაციას შესძენს და მათ ბრძოლისუნარიანი ხასიათის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

7. რატატუი (რვა წლიდან)

ფილმი ვირთხა რემის თავგადასავალს მოგვითხრობს. ის შეფმზარეულობაზე ოცნებობს. ის მოულოდნელად აღმოჩნდება პარიზში, მისთვის საოცნებო რესტორანში. ვირთხა რემი თავდაუზოგავად იბრძვის თავისი ოცნებების ასასრულებლად.

ცხოველების შესახებ გადაღებული ფილმები ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ, ამასთან ისინი ფილმების დახმარებით ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ. შთაბეჭდილებები, რომლებსაც ამ საოცარი ფილმების ნახვის შემდეგ თქვენი შვილები მიიღებენ, მათ მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

მომზადებულია​ moms.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

5 საბავშვო ფილმი, შაბათ-კვირას საყურებლად
არაფერი სჯობს შვილებთან დივანზე ჯდომას და საყვარელი ფილმების მათთან ერთად ყურებას. გთავაზობთ 5 საოჯახო ფილმს, რომელსაც პატარებთან ერთად თქვენც სიამოვნებით უყურებთ. 1. ​შეუდარებელი მისტე...

შეიძლება დაინტერესდეთ

10 ფილმი, რომელიც 6 წლამდე ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა აჩვენოთ

10 ფილმი, რომელიც 6 წლამდე ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა აჩვენოთ

ბავშვები ფილმების დახმარებით სამყაროს შეცნობას  ​სწავ​ლობენკინემატოგრაფთან ზიარება ნაადრევი არასდროს არის. გთავაზობთ 10 საუკეთესო ფილმს, რომელიც 6 წლამდე ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა აჩვენოთ.

1. სათამაშოების ისტორია

სათამაშოების ისტორია პირველი კომპიუტერული ანიმაციაა და მსგავსი ფორმატით ანიმირებულ ფილმებს შორის დღემდე საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. უმჯობესია, თუ ფილმს ბავშვთან ერთად უყურებთ და მას ანიმაციის სამყაროსთვის „სათამაშოების ისტორიის“ მნიშვნელობას კარგად აუხსნით. ბავშვი გაცოცხლებული სათამაშოების თავგადასავლებით აუცილებლად მოიხიბლება.

2. მეფე ლომი

დისნეის ისეთ საოცარ ნამუშევრებთან ერთად, როგორებიცაა „ურჩხული და მზეთუნახავი,“ „ალადინი“ და „პატარა ქალთევზა“, „მეფე ლომი“ კინოს ისტორიაში ნამდვილად ღირსეულ ადგილს იკავებს. ბავშვებს ანიმაციის ყურებისას შექსპირზე მცირედი ცნობები მიაწოდეთ, რადგან მეფე ლომი სწორედ შექსპირის „ჰამლეტის“ მიხედვით არის გადაღებული. როგორც წესი, პატარები ელტონ ჯონის საოცარი შესრულებითა და ხმითაც მოხიბლულები რჩებიან.

3. კოსმიური შეჯიბრი

„კოსმიური შეჯიბრის“ ყურებისას ბავშვი უამრავ ინფორმაციას იღებს. ის ეცნობა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელს, საუკეთესო ანიმაციურ პერსონაჟს, ეზიარება 90-იანი წლების განწყობებს. „კოსმიური შეჯიბრის“ პირველ ეპიზოდში ბავშვებს მაიკლ ჯორდანის გაცნობის საშუალება აქვთ, მეორე ეპიზოდში კი - შესანიშნავი ლებრონ ჯეიმსის. ესაუბრეთ მათ „კოსმიური შეჯიბრის“ მსგავსი სხვა ფილმების შესახებაც, რომლებშიც ანიმაცია და ცოცხალი შესრულება საუცხოოდ არის კომბინირებული, მაგ. „მერი პოპინსი,“ „ვის უნდოდა კურდღელი როჯერის გაყიდვა?“

4. ბავშვი

მუნჯი კინოს ეს შავ-თეთრი შედევრი, შესაძლოა, ბევრ მშობელს მოძველებულად და თანამედროვე ბავშვისთვის მოსაწყენ ფილმადაც მოეჩვენოს, მაგრამ ჩარლი ჩაპლინის ამ საოცარ ნამუშევარს აქტუალობა ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. აუცილებელია, რომ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბოთ კარგი გემოვნება. ჩაპლინის გაცნობა ნაადრევი არასდროსაა.

5. მევიოლინე სახურავზე

ბავშვები ხარისხიანი მიუზიკლების ყურებასაც უნდა მიაჩვიოთ. მართალია, აღნიშნული ფილმი საკმაოდ დიდხანს გრძელდება (ის სამ საათიანია), მაგრამ მისი ყურებისას ბავშვს უამრავი კარგი სიმღერის მოსმენა შეუძლია. გარდა ამისა, „მევიოლინე სახურავზე“ ბავშვისთვის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო და სახალისო გაკვეთილია.

6. საოცრება 34-ე ქუჩაზე

„საოცრება 34-ე ქუჩაზე“ საუკეთესო სადღესასწაული ფილმია, რომელიც ბავშვმა ოჯახთან ერთად აუცილებლად უნდა ნახოს. თქვენს შვილს მსგავსი სიამოვნების მიღების შესაძლებლობა არ უნდა წაართვათ.

7. ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა

აღნიშნული ფილმი ნამდვილი სასწაულია, რომელიც ბავშვთან ერთად ოჯახურ გარემოში უნდა ნახოთ. „ ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა“ ოსკარ უალიდის ცნობილი პიესის „როგორი მნიშვნელოვანია, ვიყოთ სერიოზული“ მიხედვით არის გადაღებული. სასურველია ბავშვს ფილმის ორიგინალი ვერსია აჩვენოთ და არა - რიმეიქი.

8. მერი პოპინსი

დისნეის შედევრი „მერი პოპინსი“ ანიმაციისა და ცოცხალი შესრულების საოცარი ნაზავია, რომელიც ნებისმიერ ასაკში მყოფ ადამიანს ხიბლავს. ზღაპრული ძიძის ისტორიის ყურება ბავშვს საოცარ განწყობაზე დააყენებს.

9. მაპეტების განძთა კუნძული

განძის საძიებლად საზღვაო მოგზაურობაში წასული გმირების ისტორიით ნებისმიერი პატარა მოიხიბლება. ფილმის მთავარი გმირი კაპიტან ჯეკ ბეღურას ანალოგია, რომელიც ბავშვების გულის მოგებას მარტივად ახერხებს. ფილმის მუსიკალური გაფორმება კი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

10. უოლესი და გრომიტი - ნავსი შარვალი

თანამედროვე ანიმაციური ფილმების უმეტესობა ძალიან ხმაურიანი და მძაფრსიუჟეტიანია. უოლესისა და გრომიტის ანიმაცია კი თანამედროვე ანიმაციისგან ძალიან განსხვავდება და ბავშვის განწყობაზე დადებითად ზემოქმედებს. „უოლესი და გრომიტი - ნავსი შარვალი“ ბრიტანული კომედიის ნამდვილი კლასიკაა, რომელიც არამხოლოდ ბავშვებს, ზრდასრულებსაც ხიბლავს ჯანსაღი იუმორით. ფილმი ექსცენტრიკული გამომგონებლის უოლესისა და მისი ერთგული ძაღლის გრომიტის თავგადასავლებს გვაცნობს.

ავტორი: ია ნაროუშვილი

წაიკითხეთ სრულად