საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 9 დეკემბერს თბილისში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება. ადგილზე მომზადდება ცხელი შოკოლადი და გაკეთდება შოკოლადის შადრევანი.
ფესტივალზე მისული სტუმრების განწყობაზე სპეციალურად მოწვეული სანტა და ელფები იზრუნებენ. ღონისძიება ნაძვის ხის საზეიმო ანთებით დასრულდება.
აღნიშნული გამოფენის მიზანია, შოკოლადის პროდუქციის მრავალფეროვნების დემონსტრირება და სტუმრებისთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნა.
შოკოლადის ფესტივალი ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში – „Event Square-ში“ 9 დეკემბერს, 12:00 საათიდან 18:00-მდე ჩატარდება.