Baby Bag

ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი ბიჭი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ სოციალური ქსელი დაიპყრო?

ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი ბიჭი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ სოციალური ქსელი დაიპყრო?

ინტერნეტვარსკვლავი ანდრეა ხალვაშის ვიდეომ, რომელშიც ის დაბადების დღის მისალოც სიმღერას სახალისო სტილით ასრულებს, სოციალური ქსელი დაიპყრო. ანდრეამ დედასთან თეა მალაყმაძესთან ერთად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ცნობილი ვიდეოს გადაღების ისტორიაზე ისაუბრა:

„სიმღერის შესრულებისას კარგ ხასიათზე ვიყავი. ხმის ტემბრი ავწიე. ჩემთვის ვმღეროდი. მინდა,რომ პიანისტი და ფეხბურთელი გამოვიდე. ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ბათუმში კვარაცხელიაა.“

„იმ პერიოდში მრავლად გვქონდა დაბადების დღეები და თავისთვის მღეროდა ხოლმე ხშირად. როდესაც ვცდილობ, რომ სიმღერის დროს გადავუღო, არ მაძლევს საშუალებას. ერთხელ მივეპარე და გადავუღე ჩუმად. ეშხში იყო შესული. მეორე წელია უკვე ანდრეა ფორტეპიანოს ეუფლება. სენაკის არტ-ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა საკმაოდ წარმატებით, დაჯილდოვდა კიდეც. რამდენადაც წინ მივიწევთ, იმდენად მოსწონს. ჩვენი TikTok ისტორიები ასე დაიწყო, რომ ვიღებდით ვიდეოებს, თუ გამოიცნობდა ხალხი მელოდიას. ჩვენთვის ერთ დღეში ბევრი რამ შეიცვალა,“- აღნიშნა თეა მალაყმაძემ.

წყარო:​ „იმედის დღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა შვილმა სიამოვნებით ისწავლოს, არ გვქონდეს ჭიდაობა მეცადინეობის პროცესში, ეს კომპონენტები უნდა გავითვალისწინოთ,“- თამარ გაგოშიძე

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა შვილმა სიამოვნებით ისწავლოს, არ გვქონდეს ჭიდაობა მეცადინეობის პროცესში, ეს კომპონენტები უნდა გავითვალისწინოთ,“- თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის სწავლის პროცესით დასაინტერესებლად მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„განათლების სისტემის მიზნები არის სწორედ ის, რომ შენ რაც შეიძლება ბევრი ცოდნა მოგცეს. კომპიუტერული სამყაროს პირობებში ეს უკვე მოძველებულია. ეს ჩემს დროს იყო ფუნდამენტური ცოდნა მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ თან უნდა გეტარებინა, იმიტომ, რომ კომპიუტერი არ იყო. უფრო ნაკლებ დროს დახარჯავდი, ვიდრე მერე რომ ბიბლიოთეკაში გევლო. მთელი ჩვენი პროგრამები, სილაბუსები გავსებულია ინფორმაციით, რომლის გადამუშავების სტრატეგიასაც არ ვასწვალით ჩვენ ბავშვებს. შესაბამისად თვითკომპეტენტურობა კლებულობს, ამდენს მაინც ვერ ითვისებს და დემოტივაციაც იწყება. ეს არის ის კომპონენტები, რომელიც ჩვენ, როგორც მშობლებმა უნდა გავითვალისწინოთ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა შვილმა სიამოვნებით ისწავლოს, არ გვქონდეს ჭიდაობა, საომარი ბატალიები მეცადინეობის პროცესში.“

„ჩვენ არ გვჯერა ხოლმე, რომ ჩვენი შვილი რაღაცას თავისით გააკეთებს. ხშირად მშობელი გვეუბნება ხოლმე, მე თუ არ დავჯექი, მე თუ არ ვუთხარი, მე თუ არ გავაკეთე, არ აკეთებს. აქ ყველაზე მთავარ საკითხთან მივდივართ. თვითკომპეტენტურობას სჭირდება პასუხისმგებლობა და არჩევანი. ჩემი არჩევანია, ამას გავაკეთებ თუ არა. თუ ამას არ გავაკეთებ და შემდგომში მოჰყვება სანქცია მასწავლებლის მხრიდან, ვისწავლი იმას, რომ თვითონ მომიწევს ამის კეთება. დედაჩემი რომ მეუბნება: ამის მერე ის უნდა გააკეთო, იმის მერე ეს უნდა გააკეთო, შიგნით ეს სქემა არ მიყალიბდება. ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება მშობლების დასაჯერებლად, რომ შეთანხმდით, მიეცით ბავშვს გეგმა და თვითონ აკეთოს. რომ ვერ გააკეთოს, თვითონ უნდა აგოს პასუხი და არა თქვენ. უნდა იყოს ბავშვი წარუმატებელი, უნდა დაუშვას შეცდომა, რომ ამით ისწავლოს წინააღმდეგობის გადალახვა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები რთული განვითარების ბავშვებთანაც კი, როდესაც ასეთ მიდგომას ვიყენებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ინტერესი, ბავშვის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, თვითკომპეტენტურობის განცდა, რომელიც ჩვენ უნდა აღვზარდოთ ბავშვში, ასევე შეცდომის ლეგიტიმაცია, მოლოდინი იმაზე მეტი, რისი შესაძლებლობებიც ბავშვს აქვს,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად