Baby Bag

„ნინუცას და რუსკას სულ უნდოდათ ჩაეცვათ ფუშფუშა კაბები... მე ვგიჟდებოდი, რომ არა!“ - თამარა მაყაშვილი შვილების ჩაცმის სტილის შესახებ

„ნინუცას და რუსკას სულ უნდოდათ ჩაეცვათ ფუშფუშა კაბები... მე ვგიჟდებოდი, რომ არა!“ - თამარა მაყაშვილი შვილების ჩაცმის სტილის შესახებ

ნინუცა და თამარა მაყაშვილებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ერთმანეთის ჩაცმის სტილის შესახებ ისაუბრეს. თამარა მაყაშვილის თქმით, ის შვილებს ჩაცმულობასთან დაკავშირებით რჩევებს ხშირად აძლევს და ზოგჯერ მათ არჩევანს არ ეთანხმება:

„მე თვითონ ვერც ასაკს ვგრძნობ და ძალიან ექსტრავაგანტულად მეცვა ყოველთვის. სულ აჩაჩულ-დაჩაჩული ვიყავი, საშინლებებს ვაკეთებდი. ყოველთვის ვიცოდი ოპერაში რომ მივდივარ, რა უნდა ჩამეცვა. საყელურიან კაბებს ვაცმევდი ხოლმე შვილებს. ახლაც მოდაშია და მაშინაც მოდაში იყო. სულ უნდოდათ ჩაეცვათ ფუშფუშა კაბები. მე ვგიჟდებოდი, რომ არა! ორად ორი კაბა ჰქონდათ, რომ მივდიოდით ოპერაში ან კონცერტზე, მაშინ ვაცმევდი. თავის დღეში ფუშფუშა კაბები არ სცმიათ. არ მომწონს ბომჟური ტანსაცმელი. გამოცდაზე რომ გავუშვი, დამცინოდნენ ესენი. მაყაშვილები რომ იყვნენ, არავინ არ იცოდა ვინ იყვნენ. ჩაიცვეს კლასიკურად. პაპანაქებაში ეცვათ აკადემიურად. მე ვთვლი, რომ სცენას პატივი უნდა სცე.”

„ტანსაცმელთან დაკავშირებით არის ხოლმე ხშირად კამათი. დილით ჩემზე ადრე დგება დედა. სამსახურში სანამ წავალ უკვე დგას ყავით ხელში. ეთერში როცა ვზივარ, ყოველთვის ვეკითხები ხოლმე, რა ჩავიცვა, როგორ ჩავიცვა. ძალიან ხშირად მის გარდერობს ვსტუმრობ ხოლმე. ბავშვობაში მახსოვს გულებიანი კოლგოტი მქონდა და კაბები გვეცვა, დახვეული თმები გვქონდა. რუკამ პირდაპირ იცის საყიდლებზე სიარულის დროს სად შედის, როგორ შედის და რა უნდა. ბედნიერებაა, როდესაც დედა და და შოპოჰოლიკები გყავს,”- აღნიშნა ნინუცა მაყაშვილმა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მეტყველების დაწყების ვადების კრიტერიუმები ძალიან შეიცვალა,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„მეტყველების დაწყების ვადების კრიტერიუმები ძალიან შეიცვალა,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა დაინტერესებული მშობლის კითხვას უპასუხა. მშობელი ღელავდა, რადგან მისი ოთხი წლის შვილი მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს იმეორებდა სტერეოტიპულად, თუმცა წინადადებებს არ წარმოთქვამდა. ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, მსგავს შემთხვევაში ბავშვი სპეციალისტმა უნდა შეაფასოს, რათა დადგინდეს აქვს თუ არა ბავშვს კომუნიკაციის დეფიციტი:

„როდესაც ოთხი წლის ბავშვი სტერეოტიპულად იმეორეს სიტყვებს, მაგრამ წინადადებებს არ წარმოთქვამს, ეს უნდა შეფასდეს სპეციალისტის მიერ. მშობელმა აუცილებლად უნდა მიიყვანოს ბავშვი პედიატრთან, ბავშვთა ნევროლოგთან ან განვითარების ფსიქოლოგთან. სპეციალისტმა უნდა ნახოს, რამდენად აქვს ბავშვს კომუნიკაციის დეფიციტი, იმიტომ, რომ მეტყველება კომუნიკაციური ფუნქციაა. მან უნდა განსაზღვროს უნდა თუ არა ბავშვს საერთოდ ჩარევა. იქნებ არ უნდა?! იმიტომ, რომ მეტყველების დაწყების ვადების კრიტერიუმები ძალიან შეიცვალა.

ადრე ასე ვიცოდით, რომ ბავშვმა ორ წლამდე უნდა დაიწყოს ლაპარაკი. ეს საკმაოდ გაფართოვდა. აქ მნიშვნელობა აქვს ბავშვის კომუნიკაცია როგორია, როგორია მისი ურთიერთობები, სოციალიზაცია და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ მეტყველებას, სიტყვათა მარაგი, მიზანმიმართული გამოყენება ამ სიტყვებისა, რაც მთავარია ამ სიტყვებიდან გამომდინარე არსის აღქმა და გადმოცემა მნიშვნელოვანია. ესეც სპეციალისტის საქმეა და მან უნდა შეაფასოს,“- აღნიშნულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად