Baby Bag

„ბევრი დავალების მიცემა და შემდეგ გვიანობამდე მეცადინეობა, არის ფსიქოლოგიური წნეხი ბავშვებისთვის“ - როგორ აფასებს მშობელი შვილის საშინაო დავალებებს

„ბევრი დავალების მიცემა და შემდეგ გვიანობამდე მეცადინეობა, არის ფსიქოლოგიური წნეხი ბავშვებისთვის“ - როგორ აფასებს მშობელი შვილის საშინაო დავალებებს

​„მგონია, რომ საშინაო დავალება მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს ანალიზის უნარზე, არსის გაგებაზე და ბავშვში შემოქმედებითობის განვითარებაზე.“

საშინაო დავალების უარყოფით და დადებით მხარეებზე გვესაუბრა ოთხი შვილის დედა მარინე გრძელიშვილი, რომელმაც თავისი პირადი დაკვირვებები გაგვიზიარა საშინაო დავალების პრობლემატიკასთან დაკავშირებით:

    - როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილისთვის მასწავლებლის მიერ მოცემული დავალებები რამდენად შეესაბამება მისი განვითარების საფეხურებს?

    - საშინაო დავალებისა თუ საგაკვეთილო პროცესი ხომ ბავშვის განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენთვის, როგროც მშობლებისთვის, განათლების პროცესი უნდა ემსახურებოდეს პროგრესს. მაინც ვფიქრობ, რომ ახლანდელი სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ ბოლომდე ვერ ხერხდება ეს. ჩვენს შვილებს რასაც ვავალებთ, ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისებური მიწოდების ფორმა. ჩვენთვის არა მხოლოდ გონებრივი განვითარებაა მნიშვნელოვანი, არამედ ფსიქო-ემოციური, ამიტომ ბავშვამდე მიტანას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დავალება იყოს მაქსიმალურად მისაღები, ხალისიანი და საინტერესო, დავალების შესრულების პროცესი არ უნდა იყოს აუტანელი და დამთრგუნველი. მინდა, რომ ბავშვისთვის წიგნთან მუშაობა იყოს მიმზიდველი პროცესი შემოქმედებითი კუთხით. ბავშვებს მოსწონთ თავიანთი ნააზრევის შედეგს რომ ხედავენ და არა რუტინული დავალებების შესრულება გამუდმებით. ვფიქრობ, სახელმძღვანელოში მოცემული დავალებები ამ კუთხით უფრო უნდა იყოს დახვეწილი.

    - როგორ ფიქრობთ, მოცემული დავალებები უფრო მეტად ცოდნის შეძენაზეა ორიენტირებული თუ ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე?

    - ბავშვისთვისაც და ზოგადადაც ანალიტიკურ აზროვნებაში წვრთნა არის განმავითარებელი. მთავარია, რომ ანალიტიკური აზროვნება განვუვითაროთ და შემდგომ უკვე საჭიროა სხვდასხვა საკითხის დასწავლა. ისევ დავალებებს რომ დავუბრუნდეთ, საშინაო დავალება უმჯობესია, აზროვნებას მოითხოვდეს, რომ ბავშვმა თავისი შეხედულებისამებრ გააკეთოს დასკვნები და აზრები გამოხატოს დავალების შესრულებისას. ჩემთვის რუტინულ, ერთი და იმავე შინაარსის დავალებებზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ არსი გაიგოს ბავშვმა და ვფიქრობ, ეს უფრო განუვითარებთ მათ ანალიტიკურ აზროვნებას. ემოციურადაც უფრო დადებითად უდგება მოსწავლე ისეთ დავალებებს, რომელშიც გამოწვევას ხედავს, რომელიც მისთვის საინტერესო და სააზროვნოა.

    - როგორია თქვენი შვილის აქტივობა და ინტერესი კომპლექსური დავალების მიმართ?

    - ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც აქვს მსგავსი ტიპის სააზროვნო და სხვადასხვა კუთხით საინტერესო დავალება, სკოლიდან მოსვლისთანავე უჩნდება სურვილი, რომ ამ დავალების შესრულება დაიწყოს. მისთვის ეს პატარა გამოწვევაა, რომლის დაძლევის ინტერესი აქვს. კომპლექსური დავალების შესრულებისას, მისი შემეცნების და ინტერესის სიძლიერე იზრდება. თუმცა ამ ტიპის დავალებაში მშობელი მინიმალურად უნდა იყოს ჩართული და ეს დავალება არ უნდა იყოს მხოლოდ დავალებისთვის. ვფიქრობ, საგაკვეთილო პროცესში ბავშვმა თავისი ნამუშევარი უნდა განიხილოს, უნდა მიეცეს თავისი მუშაობის პროცესის და შედეგის წარმოჩენის საშუალება. სახლშიც, ასეთი დავალების შესრულებისას, ბავშვს უნდება ოჯახის წევრებს გააცნოს მიღებული ინფორმაცია და ის შედეგი, რასაც მიიღებს ამ დავალების შესრულების პროცესში. თუმცა ძალიან გული მწყდება, რომ კომპლექსურ დავალებასთან ერთად სხვა დავალებაც აქვს იმავე საგანში და მერე ხდება ერთის ან მეორის ზედაპირულად შესრულება. ამით ვერც ბავშვი იღებს სიამოვნებას და არც შედეგი დგება სასურველი.

    - როგორ დავალებებს შეამცირებდით და როგორ დაამატებდით, რომ ბავშვი უკეთ განვითარებულიყო?

    - ის, რაც რუტინული და ერთნაირია, რომელიც ბავშვს რუტინაში რთავს და დამღლელს და უინტერესოს ხდის მეცადინეობს პროცესს, უნდა იყოს მაქსიმალურად ნაკლები ან მთლიანად ამოღებული. ძირითადი აქცენტი, ვფიქრობ, უნდა გაკეთდეს კომპლექსურ დავალებაზე, რომელიც არა მარტო მოცემული საგნის ჭრილში ავითარებს ბავშვს, არამედ სხვადასხვა თემაზე აძლევს ინფორმაციას და უვითარებს მიღებული ცოდნის წარმოჩენის უნარს. შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული ინფორმაციაც შეგვიძლია ბავშვს მივაწოდოთ ასეთი სახალისო მეთოდებით. ვისურვებდი, რომ სასწავლო პროცესი მეექვსე კლასამდე მაინც იყოს მაქსიმალურად შემოქმედებითობაზე ორიენტირებული. ასევე ჩვენი სახელმძღვანელოების მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია ის ზღვა მასალა, რომლის მეცადინეობასაც ბავშვები მთელ დარჩენილ დღეს სკოლის დამთავრებიდან დაძინებამდე ანდომებენ. არ მგონია, რომ ეს რუტინა რეალურად დადებით შედეგს იძლევა. ვფიქრობ, ბევრი დავალების მიცემა და შემდეგ გვიანობამდე მეცადინეობა, არის ფსიქოლოგიური წნეხი ბავშვებზე, ასეთი ბავშვები გარკვეული ასაკის შემდეგ ხდებიან გამოფიტულები. ამიტომ მგონია, რომ საშინაო დავალება მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს ანალიზის უნარზე, არსის გაგებაზე და ბავშვში შემოქმედებითობის განვითარებაზე.

    ესაუბრა ელენე ოვაშვილი

    -ps-

    შეიძლება დაინტერესდეთ

    ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

    ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. განახლებული დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.

    ცვლილებები სწავლა-სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, მათ შორის, როგორც სწავლა-სწავლების პრინციპებს, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს, ასევე, სწავლების მეთოდებს, შეფასებასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას. შედეგად, სწავლა-სწავლების თითოეული კომპონენტი უფრო მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერაზე და მეტ შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, შემოქმედებითად და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმონ სასწავლო პროცესი.

    ცვლილებების თანახმად:

  1. მკაფიოდ გამოიკვეთა, თუ რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული, სიღრმისეული სწავლა-სწავლება.
  2. განისაზღვრა პრინციპები, რომლის საფუძველზეც ყალიბდება სწავლა-სწავლების შედეგები და შუალედური სასწავლო მიზნები.
  3. დაკონკრეტდა პრინციპები, რომლის საფუძველზეც მასწავლებლებმა უნდა აწარმოონ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
  4. დაკონკრეტდა სასკოლო სასწავლო გეგმის ფუნქცია და მნიშვნელობა.
  5. ახლებურად ჩამოყალიბდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები (ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე, კვალიფიკაციების ჩარჩოზე და XXI საუკუნის კომპეტენციებზე დაფუძნებით).
  6. ახლებურად ფორმულირდა მიზნები თითოეული საგნორივი ჯგუფისთვის საფეხურების მიხედვით. კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, თავად განსაზღვრონ, რა საგნებს ასწავლიან (რა სასწავლო შედეგებს განსაზღვრავენ) ამ მიზნების მისაღწევად.
  7. ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოღებულ იქნა მეთოდოლოგიური რეკომენდაციები (გაუქმდა მესამე კარი, სადაც წარმოდგენილი იყო რჩევები – თუ როგორ შეიძლებოდა წლიური პროგრამების დაგეგმვა).
  8. გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები. სკოლებს თავად შეუძლიათ შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10 ბალიან სისტემაში.
  9. კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, განსაზღვრონ არა კლასის, არამედ საფეხურის დაძლევის ბარიერი.
  10. თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.
  11. რემედიაციის პროგრამა, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით, სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს განსაზღვრავს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.
  12. სკოლა თავად განსაზღვრავს სასკოლო საათობრივ ბადეს შესაბამისი დასაბუთებით მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე, სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადე მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
  13. ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღარ აღიწერება საგნობრივი კათედრებისა და დამრიგებლის ფუნქციები. სკოლებს შეუძლიათ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება – რა ფუნქციებს შეასრულებენ სასკოლო საზოგადოების წევრები და როგორი იქნება სკოლის სტრუქტურა.
  14. კერძო სკოლის უცხოენოვან პროგრამაზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განისაზღვრება სახელმწიფო ენის სწავლების დონეები სწავლების წლების შესაბამისად (ენების ერთიან ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოზე დაყრდნობით).
  15. ქართულ სექტორზე/სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს მშობლიური ენის სწავლების მოთხოვნას 10 მსურველის შემთხვევაში. შესაბამისად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოსწავლეს ქართულ სექტორზე სწავლების შემთხვევაში მიეცემა მშობლიური ენის სწავლების შესაძლებლობა.
  16. აღსანიშნავია, რომ ასევე დამტკიცდა სახელმძღვანელოების შეთანხმების წესი, რომლის საფუძველზეც კერძო და საჯარო სკოლებს შეუძლიათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები.

    აქვე მოგახსენებთ, რომ პარალელურად მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზიის პროცესი და დაწყებულია საგნობრივი ჯგუფების ფორმირება, რომელშიც ჩართულები არიან მოქმედი მასწავლებლები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. რევიზიის პროცესი 2024 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

    წაიკითხეთ სრულად