Baby Bag

„ჩვენი მასწავლებლები თავიანთი შრომით ამტკიცებენ, რომ არიან ჭეშმარიტად გმირები“ - მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული დააჯილდოვა

„ჩვენი მასწავლებლები თავიანთი შრომით ამტკიცებენ, რომ არიან ჭეშმარიტად გმირები“ - მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული დააჯილდოვა

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა. გამარჯვებულს ჯილდო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადასცა და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა.

მიხეილ ჩხენკელი: „პირველ რიგში, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! სასიხარულოა, რომ ტრადიცია გრძელდება და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულის დაჯილდოება საერთაშორისო ზეიმს ემთხვევა - ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენლების აღიარებას. იყო მასწავლებელი - ეს ძალიან დიდი პატივია! ჩვენი მასწავლებლები თავიანთი შრომით ამტკიცებენ, რომ არიან ჭეშმარიტად გმირები. მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული მათგანის წინაშე. მასწავლებლობა უაღრესად პატრიოტული პროფესიაა - პირდაპირი მნიშვნელობით ემსახურება ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს. შესაბამისად, თითოეული მასწავლებელი საზოგადოების მიერ უნდა იყოს უაღრესად დაფასებული.

ჭეშმარიტმა მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეში ცოდნის სიყვარულის გაღვივება, ინტელექტუალური შრომისადმი პატივისცემის გაჩენა. ეროვნული ჯილდო სწორედ ასეთი შემოქმედებითი აზროვნების მქონე მასწავლებლების დაფასებას უწყობს ხელს. ჩვენი სამინისტრო, პირადად მე, თითოეული მასწავლებლის გვერდით ვარ და დაგეხმარებით ყველა საინტერესო და შემოქმედებითი ინიციატივის განხორციელებაში.

მართალია, დღეს მხოლოდ ერთი გამარჯვებული გვყავს, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ვინც ახალგაზრდა თაობის განათლებას ასე თავდადებით ემსახურება, უკვე გამარჯვებული გახლავთ!“

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელი ჩვენი დროის გამოწვევას, პანდემიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესიის კეთილშობილება ამ პერიოდში განსაკუთრებით წარმოჩინდა. ის, რომ განათლების სისტემამ წარმატებით შეძლო დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლა, სწორედ მასწავლებლების დამსახურებაა. მინისტრის თქმით, თითოეულ მასწავლებელს ყოველდღიურად ფრონტის წინა ხაზზე უწევდა ყოფნა. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ პანდემიის დროს არსებულმა გამოწვევებმა დაბადა ახალი შესაძლებლობები. სწორედ ასეთ ვითარებაში შეიქმნა საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი „ტელესკოლა“ - განათლების არხი, რომელიც მუდამ დარჩება და საზოგადოების განათლებას მოემსახურება.

ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს პრიზის სახით 10 000 ლარი გადაეცა. კონკურსი 2017 წლის 13 მაისს დაწესდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების კოალიციისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. მისი გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, პირველი არხი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

შეიძლება დაინტერესდეთ

სტატუსშეცვლილ პედაგოგებს დანამატი თებერვლიდან დაერიცხებათ

სტატუსშეცვლილ პედაგოგებს დანამატი თებერვლიდან დაერიცხებათ

„სტატუსშეცვლილ პედაგოგებს დანამატი თებერვლიდან დაერიცხებათ,“ - ამის შესახებ ​Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, 10 რიცხვის მონაცემებით იღებენ ინფორმაციას და რადგან სტატუსის ცვლილება 10 რიცხვის შემდეგ დაიწყო, პედაგოგებს დანამატი მომდევნო თვეში ჩაერიცხებათ:

„დანამატის დარიცხვისას ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ - თუ კონკრეტული თვის 10 რიცხვში ექნება პედაგოგს ახალი სტატუსი და ბაზაში დაფიქსირებული ექნება საათები, დანამატი დაერიცხება იმავე თვეს (ამ შემთხვევაში, იანვარში). ხოლო თუ სტატუსის ცვლილება მოხდება 10 რიცხვის შემდეგ, დამანატი შემდეგი თვიდან (თებერვლიდან) დაირიცხება,“ - უთხრეს Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

დანამატის დარიცხვასთან დაკავშირებით აქამდე სამინისტროში სხვა ინფორმაციას ავრცელებდნენ. როგორც უწყებაში, აღნიშნავდნენ, დანამატი იანვარშივე ​დაირიცხებოდა.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად