Baby Bag

რა სახის შეღავათს მიიღებენ მასწავლებლები და მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში?

რა სახის შეღავათს მიიღებენ მასწავლებლები და მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს – შპს „მაგთიკომს“, შპს „ვიონ საქართველოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას შეძლებენ.

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მემორანდუმი ითვალისწინებს ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტის 10 ლარად შეთავაზებას, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად 20GB ინტერნეტი სრულიად საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებისა და შესაბამისი რესურსების მოძიებისთვის.

სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ მოაწერა, ხოლო მობილური ოპერატორებიდან: შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ზარიძემ, შპს „ვიონ საქართველოს“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი ესართიამ და სს „სილქნეტის“ კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ჟორჟიკაშვილმა.

ეკატერინე დგებუაძემ გლობალური პანდემიის პირობებში საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა მობილური ოპერატორების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის. როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც „სილქნეტმა“, „მაგთიკომმა“ და „ვიონი საქართველომ“ განათლების სფეროს მიმართ გამოიჩინეს.

შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. ვებგვერდი www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სისტემა ხელფასების ზრდაზე იქნება მიმართული

განათლების სისტემა ხელფასების ზრდაზე იქნება მიმართული

მასწავლებლებლების პრესტიჟისა და მათთვის ხელფასების ზრდის თემაზე გადაცემაში ,,SWOT ანალიზი" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საუბრობს. 

მისი თქმით, განათლების სისტემა ხელფასების ზრდაზე იქნება მიმართული. 2022 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის 6% ინვესტირებული იქნება განათლებაში:

​,,მასწავლებლის, უნივერსიტეტის პროფესორის, მკვლევარი მეცნიერის პრესტიჟი არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს და ეს არის განათლების სისტემის ყველაზე დიდი დარტყმა. შესაბამისად, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ზოგადად, პედაგოგის როგორც სკოლის მასწავლებლის, ასევე უნივერსიტეტის პროფესორის, პროფესიული სასწავლებლის პედაგოგის და მკვლევარი მეცნიერის პრესტიჟის ამაღლება. ხელფასი კი ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა არა ერთადერთი კომპონენტი. 

სწორედ ხელფასების ზრდაზე იქნება მიმართული ჩვენი სისტემა. როგორც იცით, სკოლის მასწვლებლებისა და ადმინისტრაციის ხელფასების საგრძნობი მატება უკვე დაიწყო. შემდეგი ეტაპი იქნება უნივერსიტეტის პროფესორებისა და მკლევარი მეცნიერების ხელფასების ზრდა. 

​​​რაც შეეხება ბიუჯეტს, 2022 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის 6% ინვესტირებული იქნება განათლებაში, რაც დღევანდელი მონაცემებით ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. შესაბამისად, ამის ინვესტიცია რომ მოხდება, ცხადია მოხმარდება სხვადასხვა გამოწვევებს, მათ შორის ინფრასტრუქტურას და ასევე ხელფასების ზრდას. 

ხელფასების მატება უკვე დაწყებულია და 2022 წლამდე აუცილებლად გაგრძელდება. მართალია, ხელფასი პრესტიჟის მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა არა ერთადერთი. საზოგადოებამ მეტად უნდა დააფასოს ინტელექტუალური შრომა. მასწავლებლის, პროფესორის,  მკლვლევარი მეცნიერის ჩართულობა საზოგადოებრივ პროცესებში და საზოგადოების მხრიდან ამ პრესტიჟის დაფიქსირება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ საუკეთესო კადრები მოვიზიდოთ, რაც წაადგება განათლების სისტემას, რადგან ისინი იქნებიან ადამიანები, რომლებზეც იქნება დაფუძნებული განათლების სისტემა,'' - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა. 

წაიკითხეთ სრულად