Baby Bag

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

დღეს დასრულდა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და 29 362 აბიტურიენტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩარიცხულთა რაოდენობა არ შემცირებულა.

​რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, სოფიო გორგოძის თქმით, ჯამში 10 769 აბიტურიენტი დაფინანსდა, აქედან სახელმწიფო გრანტი 6 545 გამოსაცდელმა მოიპოვა: 100%-იანი გრანტი მიიღო 1 011 აბიტურიენტმა, 70%-იანი - 1 454, 50%-იანი გრანტი კი - 4 080 აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტებზე 4 224 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას.

„​ვულოცავ თითოეულ მათგანს და საინტერესო, წარმატებულ და პროდუქტიულ სტუდენტობას ვუსურვებ. აქვე შევახსენებ მათ, რომ შემდეგი კვირიდან აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რათა საბოლოოდ ჩაირიცხონ ამ სასწავლებელში.

აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, სხვა წლების მსგავსად, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და ჯანდაცვის მიმართულება ლიდერობს. წელს გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენციაც. მოთხოვნად მიმართულებებს შორის ასევე შეიძლება აღინიშნოს გრაფიკული დიზაინი, საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება, ვეტერინარია, კომპიუტერული მეცნიერებები. გაიზარდა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჯერ ქართულ ენას ეუფლებიან და შემდგომ აგრძელებენ კონკრეტული მიმართულებით სწავლას. შარშანდელთან შედარებით წელს ამ პროგრამებზე დაახლოებით 300 აბიტურიენტით მეტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.

2021 წელს გამოცდების ჩატარების პროცესი პანდემიის გამო ყველაზე ხანგრძლივი იყო, რადგან კოვიდის დიაგნოზით გამოცდაზე არგამოცხადებულ აპლიკანტს ჰქონოდა შესაძლებლობა გამოჯანმრთელების შემდეგ ჩართულიყო ამ პროცესში. გახანგრძლივებული საგამოცდო პროცესის მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შედეგების საბოლოო გამოცხადება არ დაგვიანებულიყო, რაც ხელს შეუშლიდა სწავლის დროულად დაწყებას“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

    შეიძლება დაინტერესდეთ

    ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი უკვე ონლაინ შეგიძლიათ დაათვალიეროთ

    ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი უკვე ონლაინ შეგიძლიათ დაათვალიეროთ

    ეროვნულ ბიბლიოთეკას დღეიდან საკუთარი ვირტუალური მუზეუმი აქვს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

    „ჩვენი ულამაზესი საგამოფენო დარბაზი უკვე ონლაინ შეგიძლიათ დაათვალიეროთ. დარბაზში პერიოდული თემატური გამოფენები გაიმართება.

    ამჯერად გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ, სხვადასხვა დროს გამოცემულ დედა ენას უმასპინძლებს. გამოფენა ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება საინტერესო,“ - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    იხილეთ დედა ე​ნების ვირტუალური გამოფენა

    წაიკითხეთ სრულად