Baby Bag

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

დღეს დასრულდა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და 29 362 აბიტურიენტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩარიცხულთა რაოდენობა არ შემცირებულა.

​რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, სოფიო გორგოძის თქმით, ჯამში 10 769 აბიტურიენტი დაფინანსდა, აქედან სახელმწიფო გრანტი 6 545 გამოსაცდელმა მოიპოვა: 100%-იანი გრანტი მიიღო 1 011 აბიტურიენტმა, 70%-იანი - 1 454, 50%-იანი გრანტი კი - 4 080 აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტებზე 4 224 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას.

„​ვულოცავ თითოეულ მათგანს და საინტერესო, წარმატებულ და პროდუქტიულ სტუდენტობას ვუსურვებ. აქვე შევახსენებ მათ, რომ შემდეგი კვირიდან აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რათა საბოლოოდ ჩაირიცხონ ამ სასწავლებელში.

აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, სხვა წლების მსგავსად, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და ჯანდაცვის მიმართულება ლიდერობს. წელს გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენციაც. მოთხოვნად მიმართულებებს შორის ასევე შეიძლება აღინიშნოს გრაფიკული დიზაინი, საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება, ვეტერინარია, კომპიუტერული მეცნიერებები. გაიზარდა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჯერ ქართულ ენას ეუფლებიან და შემდგომ აგრძელებენ კონკრეტული მიმართულებით სწავლას. შარშანდელთან შედარებით წელს ამ პროგრამებზე დაახლოებით 300 აბიტურიენტით მეტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.

2021 წელს გამოცდების ჩატარების პროცესი პანდემიის გამო ყველაზე ხანგრძლივი იყო, რადგან კოვიდის დიაგნოზით გამოცდაზე არგამოცხადებულ აპლიკანტს ჰქონოდა შესაძლებლობა გამოჯანმრთელების შემდეგ ჩართულიყო ამ პროცესში. გახანგრძლივებული საგამოცდო პროცესის მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შედეგების საბოლოო გამოცხადება არ დაგვიანებულიყო, რაც ხელს შეუშლიდა სწავლის დროულად დაწყებას“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

    შეიძლება დაინტერესდეთ

    პროგრამა Teams-ში ქართული ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების პლატფორმა el.ge ინტეგრირდა

    პროგრამა Teams-ში ქართული ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების პლატფორმა el.ge ინტეგრირდა

    საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მაიკროსოფტთან თანამშრომლობის შედეგად, პირველად, ქართული ონლაინ პროდუქტი el.ge მაიკროსოფტის პროგრამა Teams-ში ინტეგრირდა.

    პროგრამა Teams-ში el.ge-ის პლატფორმის დამატებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა ერთ სივრცეში ჰქონდეს წვდომა მისთვის საჭირო 22 ათასზე მეტ საგანმანათლებლო-ელექტრონულ რესურსთან.

    ერთიანი საგანმანათლებლო ელექტრონული პორტალი el.ge 2018 წელს შეიქმნა, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მომზადებული და შექმნილი ელექტრონული საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები.

    ვებ-გვერდზე ატვირთულია ელექტრონული წიგნები, თემატური ვიდეოები, ნოტები, სტატიები, ფოტო და აუდიო მასალები.

    გამოყოფილია სივრცე ბლოგის, ვებინარების და სხვადასხვა მიმართულების პროექტებისთვის, რაც ეხმარება სწავლების პროცესში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ საჭირო მასალებთან შეუფერხებელი წვდომა.

    წაიკითხეთ სრულად