რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, სოფიო გორგოძის თქმით, ჯამში 10 769 აბიტურიენტი დაფინანსდა, აქედან სახელმწიფო გრანტი 6 545 გამოსაცდელმა მოიპოვა: 100%-იანი გრანტი მიიღო 1 011 აბიტურიენტმა, 70%-იანი - 1 454, 50%-იანი გრანტი კი - 4 080 აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტებზე 4 224 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას.
„ვულოცავ თითოეულ მათგანს და საინტერესო, წარმატებულ და პროდუქტიულ სტუდენტობას ვუსურვებ. აქვე შევახსენებ მათ, რომ შემდეგი კვირიდან აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რათა საბოლოოდ ჩაირიცხონ ამ სასწავლებელში.
აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, სხვა წლების მსგავსად, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და ჯანდაცვის მიმართულება ლიდერობს. წელს გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენციაც. მოთხოვნად მიმართულებებს შორის ასევე შეიძლება აღინიშნოს გრაფიკული დიზაინი, საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება, ვეტერინარია, კომპიუტერული მეცნიერებები. გაიზარდა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჯერ ქართულ ენას ეუფლებიან და შემდგომ აგრძელებენ კონკრეტული მიმართულებით სწავლას. შარშანდელთან შედარებით წელს ამ პროგრამებზე დაახლოებით 300 აბიტურიენტით მეტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.