Baby Bag

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას. მსურველები არჩევანს გააკეთებენ ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებს შორის.

მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრნენ.

ეკატერინე დგებუაძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერით სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლისთვის იმუნიზაციის ყველა ცენტრში ამოქმედდა ამცრელი კაბინეტები. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოვიდნენ ამ სივრცეებში და რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ სასურველი ვაქცინა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, რათა მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის“.

თამარ გაბუნია: „საგანმანათლებლო სისტემის პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაუკავშირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იმუშავებს მათთან ერთად, რათა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია ასაცრელი პირების რაოდენობის შეახებ, მზად დავხვდებით იმგვარად, რომ არ დასჭირდეთ წინასწარი რეგისტრაცია და მათთვის მოსახერხებელ დროს ჩაიტარონ ვაქცინაცია სასურველი ვაქცინით“.

განათლების სფეროს წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი. სახელმწიფომ ასევე დაუშვა 16 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაციაც, მხოლოდ მშობლის ნებართვით.

შეგახსენებთ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. 


შეიძლება დაინტერესდეთ

,,საქართველოში შემოტანილი ,,ფაიზერის” ვაქცინა არის...''

,,საქართველოში შემოტანილი ,,ფაიზერის” ვაქცინა არის...''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ,,ფაიზერის'' ვაქცინის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

,,ფაიზერის" კოვიდვაქცინის შენახვის ვადა დღესდღეობით არის 10 თვე. 

საქართველოში შემოტანილი “ფაიზერის” ვაქცინა არის:

  • უსაფრთხო,
  • ეფექტური,
  • ხარისხიანი და, რა თქმა უნდა,
  • არის ვადიანი.
უვადო ვაქცინის გამოყენებას კრძალავს თვით მწარმოებელი. 

ფაიზერის ვაქცინის შენახვას ულტრა ცივ პირობებში აკონტროლებს თვით მწარმოებელი. 

Pfizer - ფაიზერის ვაქცინის ულტრა დაბალ ტემპერატურაზე (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე) შენახვის ვადა არის 6 თვე. ეს არის მწარმოებლის ოფიციალური ინსტრუქცია. ამერიკის წამლის სააგენტომ 2021 წლის 22 აგვისტოდან დაადგინა, რომ ფაიზერის ვაქცინის ვარგისიანობის ვადა გაზრდილია 6 თვიდან 9 თვემდე.

პრაქტიკულად, ფაიზერის ყველა ვაქცინის ვარგისიანობა ითვლება შემდეგნაირად: წარმოების თარიღი + 9 თვე. შენახვის პირობები (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე)

ასევე, ულტრა დაბალი ტემპერატურიდან ნორმალურ, დაბალ ტეპერატურაზე (2°C-დან 8°C-მდე) ვაქცინა შესაძლოა, შენახულ იქნას 31 დღე.

დასკვნა: ფაიზერის ვაქცინა წარმოებიდან მოხმარებამდე/გამოყენებამდე შეიძლება, შენახულ იქნას 10 თვე,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 


წაიკითხეთ სრულად