Baby Bag

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას. მსურველები არჩევანს გააკეთებენ ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებს შორის.

მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრნენ.

ეკატერინე დგებუაძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერით სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლისთვის იმუნიზაციის ყველა ცენტრში ამოქმედდა ამცრელი კაბინეტები. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოვიდნენ ამ სივრცეებში და რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ სასურველი ვაქცინა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, რათა მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის“.

თამარ გაბუნია: „საგანმანათლებლო სისტემის პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაუკავშირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იმუშავებს მათთან ერთად, რათა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია ასაცრელი პირების რაოდენობის შეახებ, მზად დავხვდებით იმგვარად, რომ არ დასჭირდეთ წინასწარი რეგისტრაცია და მათთვის მოსახერხებელ დროს ჩაიტარონ ვაქცინაცია სასურველი ვაქცინით“.

განათლების სფეროს წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი. სახელმწიფომ ასევე დაუშვა 16 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაციაც, მხოლოდ მშობლის ნებართვით.

შეგახსენებთ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. 


შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჩვენ ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ''

,,ჩვენ ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ''

,,ჩვენ ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს, ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს,'' - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია, რაც ყველას უნდა ესმოდეს.

„ჩვენ პირველი ტაღლის დროს სწორედ შევაფასეთ ჩვენი რესურსები, მვიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული ლოკდაუნი გამოვაცხადეთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ელემენტარული პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში. მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და მსოფლიოსთან ერთად ამ ვირუსთან დაკავშირებით არანაირი ცოდნა არ გვქონდა, იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებოდა ვაქცინა. სამწუხაროდ, ვაქცინა არ გაჩნდა, დღეს ვართ სხვა მდგომაროებაში. მაშინ მკაცრი შეზუდვები და ლოკდაუნი იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის პირბადე, რომელიც 90%-ზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ, ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია. შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია იცვლება, რაც გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი, მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და ბალანსის სწორად დაჭერა“, - დასძინა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად