Baby Bag

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას. მსურველები არჩევანს გააკეთებენ ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებს შორის.

მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრნენ.

ეკატერინე დგებუაძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერით სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლისთვის იმუნიზაციის ყველა ცენტრში ამოქმედდა ამცრელი კაბინეტები. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოვიდნენ ამ სივრცეებში და რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ სასურველი ვაქცინა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, რათა მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის“.

თამარ გაბუნია: „საგანმანათლებლო სისტემის პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაუკავშირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იმუშავებს მათთან ერთად, რათა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია ასაცრელი პირების რაოდენობის შეახებ, მზად დავხვდებით იმგვარად, რომ არ დასჭირდეთ წინასწარი რეგისტრაცია და მათთვის მოსახერხებელ დროს ჩაიტარონ ვაქცინაცია სასურველი ვაქცინით“.

განათლების სფეროს წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი. სახელმწიფომ ასევე დაუშვა 16 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაციაც, მხოლოდ მშობლის ნებართვით.

შეგახსენებთ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. 


შეიძლება დაინტერესდეთ

,,უსამართლობაა კოვიდით სიკვდილი იმ პირობებში, როცა პრევენციის საშუალება არსებობს'' - ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს

,,უსამართლობაა კოვიდით სიკვდილი იმ პირობებში, როცა პრევენციის საშუალება არსებობს'' - ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს

ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით წერს. მის პოსტს MomsE​du.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,​წერილებიდან ჩანს, რომ ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი კოვიდ-ინფიცირებული, მძიმე ჰიპოქსიით, ვერ იღებს საჭირო დახმარებას იმის გამო რომ ჰოსპიტლებში ადგილები შეზღუდულია. თუ ასე გაგრძელდა, არა მარტო კოვიდით, არამედ სხვა დაავადებებით პაციენტებსაც მოუწევთ სახლში დარჩენა რადგან საკმარისი არც ადგილი გვექნება ჰოსპიტალში და არც სამედიცინო პერსონალი გვეყოლება რომ დაგვეხმაროს.

ნუ ეთამაშებით სიკვდილს. გთხოვთ აიცერით!

უსამართლობაა კოვიდით სიკვდილი იმ პირობებში, როცა პრევენციის საშუალება არსებობს.

კოვიდის ვაქცინა ნამდვილად იცავს სიკვდილისგან. კოვიდის ვაქცინის ფუნქცია არ არის ინფიცირებისგან სრულად დაცვა, მან სიკვდილის და ჰოსპიტალიზაციისგან უნდა დაგიცვათ. ნუ უგდებთ ყურს უსინდისო ტროლ-ბოტებს, რომლებიც კედელ-კედელ ავრცელებენ თითქოს საქართველოში უამრავი ვაქცინირებულია გარდაცვლილი. საბედნიეროდ, ორჯერადად აცრილი გარდაცვლილები არ გვყავს და ეს თვანათლივ აჩვენებს, რომ ყველა ვაქცინა რომელიც საქართველოში გამოიყენება, ყველა უკლებლივ, იცავს სიკვდილისგან.

არ არის კოვიდ ვაქცინა მასონების მოგონილი, არც დასაჩიპად გამოიყენება, არც ემბრიონულ მასალას არ შეიცავს, არ იწვევს სიკვდილს, ნამდვილად არ იწვევს უშვილობას, არ ვნებს ჩვილს ძუძუთი კვებისას, არ ვნებს ნაყოფს მუცლადყოფნისას, არ ვნებს ადამიანებს მძიმე ქრონიკული დაავადებებით... გამოგონილი, ბოროტი მითებია ეს ყველაფერი.

მე ავიცერი, ჩემი ოჯახის წევრების, ახლობლების უდიდესი ნაწილი აცრილია, ნაწილს კოვიდი აქვს გადატანილი და თავის რიგს ელოდება როგორც კი ანტისხეულები ვეღარ დაიცავს იმ წუთასვე აიცრას. ახალგაზრდა ბიძაშვილები ავცერი, რომ სიკვდილისგან ვიხსნა და ზუსტად ვიცი როცა მათ ცხოვრებაში ამის დრო დადგება ჯანმრთელი შვილები ეყოლებათ. კოვიდ ვაქცინა მათ მხოლოდ დაიცავს, რომ ციცხლები და ჯანმრთელები დაელოდონ სიყვარულს.

აიცერით, გადარჩებით სიკვდილს და გადაარჩენთ სხვებსაც...

უგუნურობაა ისეთი დაავადებისგან დაიღუპოთ რომლის პრევენციაც ვაქცინითაა შესაძლებელი.

თუ პრინციპულად არ ან ვერ იცრებით, დაიცავით პრევენციის წესები გთხოვთ!

ნუ გაავრცელებთ სიკვდილს,'' - აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი. 

წაიკითხეთ სრულად