Baby Bag

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას. მსურველები არჩევანს გააკეთებენ ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებს შორის.

მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრნენ.

ეკატერინე დგებუაძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერით სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლისთვის იმუნიზაციის ყველა ცენტრში ამოქმედდა ამცრელი კაბინეტები. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოვიდნენ ამ სივრცეებში და რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ სასურველი ვაქცინა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, რათა მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის“.

თამარ გაბუნია: „საგანმანათლებლო სისტემის პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაუკავშირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იმუშავებს მათთან ერთად, რათა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია ასაცრელი პირების რაოდენობის შეახებ, მზად დავხვდებით იმგვარად, რომ არ დასჭირდეთ წინასწარი რეგისტრაცია და მათთვის მოსახერხებელ დროს ჩაიტარონ ვაქცინაცია სასურველი ვაქცინით“.

განათლების სფეროს წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი. სახელმწიფომ ასევე დაუშვა 16 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაციაც, მხოლოდ მშობლის ნებართვით.

შეგახსენებთ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. 


შეიძლება დაინტერესდეთ

,,მე ავიცერი და არ ვიცი, რა არის მასში ...არც ის ვიცი, რა არის იმ ვაქცინებში, ბავშვობაში რომ გამიკეთებია, ან რა არის ,,ბიგ მაკში", ,,ჰოთ დოგში" ან სხვა სამკურნალო საშუალებებში''

,,მე ავიცერი და არ ვიცი, რა არის მასში ...არც ის ვიცი, რა არის იმ ვაქცინებში, ბავშვობაში რომ გამიკეთებია, ან რა არის ,,ბიგ მაკში", ,,ჰოთ დოგში" ან სხვა სამკურნალო საშუალებებში''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც  ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ: 

,,მე ავიცერი და არ ვიცი, რა არის მასში ...არც ის ვიცი, რა არის იმ ვაქცინებში, ბავშვობაში რომ გამიკეთებია, ან რა არის "ბიგ მაკში", "ჰოთ დოგში", ან სხვა სამკურნალო საშუალებებში - იქნება ეს კიბოს წამალი , შიდსის თუ პოლიართრიტის საწინააღმდეგო, ან ჩვილებისა და ბავშვების ვაქცინები. მე ვენდობი ჩემს ექიმს, როდესაც ის ამბობს, რომ ეს საჭიროა.

მე ასევე არ ვიცი, რა არის იბუპროფენში, ტილენოლში ან სხვა სამკურნალო საშუალებებში, ის მხოლოდ კურნავს ჩემს თავის ტკივილს და სხვა ტკივილებს ...

ასევე არ ვიცი, რა არის ტატუების მელანში, საპონში, შამპუნსა თუ დეზოდორანტებში.მე არ ვიცი მობილური ტელეფონის გამოყენების გრძელვადიანი ეფექტი... ან ის რესტორანი, რომელშიც მე ვჭამდი, ნამდვილად იყენებდა თუ არა სუფთა საჭმელს და იბანდნენ კი ხელებს?

Მოკლედ ...

აქ ბევრი რამ არის, რაც მე არ ვიცი...

მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი: ცხოვრება ხანმოკლეა, ძალიან ხანმოკლე და მე მსურს სხვა რამე, ვიდრე, უბრალოდ, სამსახურში ყოველდღე სიარული, ან სახლში ჩაკეტილი ყოფნაა. მე მინდა, ვიმოგზაურო და ხალხს შიშით კი არ ჩავეხუტო,არამედ ვიპოვო ცხოვრების პატარა გრძნობა ,,ადრე".

ბავშვობაში და ზრდასრულ ასაკში ავიცერი ყბაყურას, წითელას, წითურას, პოლიომელიტის, დიფტერიის, ტეტანუსის, გრიპის, ყივანახველას და სხვა ვაქცინებით; მე და ჩემი მშობლები ვენდობოდით მეცნიერებას და არასოდეს ვიყავით რაიმე დაავადების გადამტანი ან გადამცემი....

მე ვაქცინირებული ვარ არა მთავრობის მოსაწონებლად, არამედ:

* რომ არ მოვკვდე Covid-19– ისგან.

* რომ არ მოვხვდე საავადმყოფოში, თუ ავად გავხდები...

* ჩავეხუტო ჩემს ახლობლებს...

* იმისთვის, რომ არ მომიწიოს PCR ან ანტიგენ ტესტების გაკეთება საცეკვაოდ გასასვლელად, რესტორანში წასასვლელად, დასასვენებლად წასასვლელად და კიდევ ბევრი სხვა რამისთვის ...

* ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით...

* რომ ბავშვები დაბრუნდნენ სკოლაში და ითამაშონ სპორტი...

* იმისთვის, რომ Covid-19 იყოს ძველი მეხსიერება...

* ჩვენს დასაცავად...

* თქვენს დასაცავად !!!!!!'' - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ. 


წაიკითხეთ სრულად