Baby Bag

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას. მსურველები არჩევანს გააკეთებენ ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებს შორის.

მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრნენ.

ეკატერინე დგებუაძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერით სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლისთვის იმუნიზაციის ყველა ცენტრში ამოქმედდა ამცრელი კაბინეტები. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოვიდნენ ამ სივრცეებში და რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ სასურველი ვაქცინა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, რათა მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის“.

თამარ გაბუნია: „საგანმანათლებლო სისტემის პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაუკავშირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იმუშავებს მათთან ერთად, რათა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია ასაცრელი პირების რაოდენობის შეახებ, მზად დავხვდებით იმგვარად, რომ არ დასჭირდეთ წინასწარი რეგისტრაცია და მათთვის მოსახერხებელ დროს ჩაიტარონ ვაქცინაცია სასურველი ვაქცინით“.

განათლების სფეროს წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი. სახელმწიფომ ასევე დაუშვა 16 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაციაც, მხოლოდ მშობლის ნებართვით.

შეგახსენებთ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. 


შეიძლება დაინტერესდეთ

,,ხელფასის ზრდა არ იყოს მიბმული სტატუსზე, რამდენი პროცენტი აიმაღლებდა სტატუსს?''

,,ხელფასის ზრდა არ იყოს მიბმული სტატუსზე, რამდენი პროცენტი აიმაღლებდა სტატუსს?''

,,მასწავლებელი ან არის კარგი ან ცუდი. ეს ის სპეციალობაა, ,,საშუალო" რომ არ გამოდგება შასაფასებლად. მასწავლებელი მოსწავლეებს ან უყვართ/პატივს სცემენ ან არ უყვართ (ცუდ შემთხვევაში სძულთ), შესაძლოა არანაირი გრძნობა არ ჰქონდეთ, ესაც ძალიან ცუდია. 

მასწავლებლის სტატუსი (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი, მენტორი) არანაირ კავშირში არ არის - კარგია მასწავლებელი თუ ცუდი, როგორ გაკვეთილს ატარებს საინტერესოს თუ უინტერესოს ან საერთოდ არ ატარებს. 

რას ნიშნავს მასწავლებლის წინსვლა? - აბა, ვცადოთ და ხელფასის ზრდა არ იყოს მიბმული სტატუსზე, რამდენი პროცენტი აიმაღლებდა სტატუსს?

წინსვლა, ჩემი აზრით, უნდა იყოს სხვა სახის და ის პიროვნულ თვისებებზე უნდა იყოს მიბმული. მაგ. მივედი სკოლაში პრაქტიკოს მასწავლებლად, გავხდი მასწავლებელი, შემდეგ უფროსი მასწავლებელი, ამის მერე კათედრის ხელმძღვანელი, შემდეგ დირექტორის მოადგილე, შემდეგ დირექტორი. 

ესაა წინსვლა სკოლის დონეზე. როგორია მასწავლებელი, ამის შეფასებას მოსწავლე გააკეთებს ყველაზე კარგად. ხოლო თუ რა შედეგებს დებს, ესაც მისი მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების შედეგების მიხედვით განისაზღვრება. 

მოდით ჩავატაროთ ექსპერიმენტი - შევიდეთ ნებისმიერ სკოლაში და დავესწროთ სხვადასხვა სტატუსის მასწავლებლებს გაკვეთილზე, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. დავინახავთ, რომ ჩვეულებრივი მიმდინარე გაკვეთილია (დაუდგმელი), არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. (არ შეიძლება არ ავღნიშნოთ მასწავლებლების მცირე ჯგუფი, მათი აქტივობები სოციალურ ქსელშიც ჩანს). მაგალითად, მოვიყვან - ჩემი სკოლის მასწავლებლებს, როგორ გაკვეთილსაც ატარებდნენ პრაქტიკოსის სტატუსით - ისეთივეს ატარებენ უფროსის სტატუსითაც. მაშინ ამიხსენით, რა საჭიროა ამდენი წვალება (გამოცდები, ტრენინგები..) თუ საკლასო ოთახში არ გადმოვიდა მასწავლებლების ახალშეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები?''

ავტორი: ელზა ბადაშვილი

წაიკითხეთ სრულად