Baby Bag

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას. მსურველები არჩევანს გააკეთებენ ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებს შორის.

მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრნენ.

ეკატერინე დგებუაძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერით სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლისთვის იმუნიზაციის ყველა ცენტრში ამოქმედდა ამცრელი კაბინეტები. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოვიდნენ ამ სივრცეებში და რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ სასურველი ვაქცინა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, რათა მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის“.

თამარ გაბუნია: „საგანმანათლებლო სისტემის პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაუკავშირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იმუშავებს მათთან ერთად, რათა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია ასაცრელი პირების რაოდენობის შეახებ, მზად დავხვდებით იმგვარად, რომ არ დასჭირდეთ წინასწარი რეგისტრაცია და მათთვის მოსახერხებელ დროს ჩაიტარონ ვაქცინაცია სასურველი ვაქცინით“.

განათლების სფეროს წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი. სახელმწიფომ ასევე დაუშვა 16 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაციაც, მხოლოდ მშობლის ნებართვით.

შეგახსენებთ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„ღორის და ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე კოვიდ19-ს“- დავით გადელია

„ღორის და ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე კოვიდ19-ს“-  დავით გადელია

„ღორის და ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე კოვიდ19-ს“, -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია​ წერს.

როგორც იგი აღნიშნავს, პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. გთავაზობთ დავით გადელიას პოსტს ამ თემაზე:

„ქვეყანაში მაქსიმალურად დალაგებულია ტრიაჟის, ანუ პაციენტთა სწორი გადანაწილების საკითხი - ავადმყოფს სტაციონარი სჭირდება, თუ მისი სახლში გაჩერებაც შეიძლება. არანაირი პრობლემა არაა ამ მხრივ, განსაკუთრებით თბილისში. ბათუმში, კერ კიდევაა გარკვეული პრობლემები, რაც კადრების სიმცირითაა გამოწვეული.
ამავე დროს, ბევრად მეტი ვიცით ამ დაავადებაზე: როდისაა საშიში გადადების თვალსაზრისით, როგორ ავირიდოთ გადადება, რომელია რისკის ჯგუფი და ა.შ. ბევრადაა შემცირებული მკურნალობის ხანგრძლივობა, მუდმივად ხდება მკურნალობების პროტოკოლების განახლება. ამიტომ მინდა დაბეჯითებით გირჩიოთ, დაუჯერეთ ოჯახის ექიმებს!! რამდენიმე შემთხვევა გვქონდა უკვე, როცა ოჯახის ექიმებმა არ ჩათვალეს ავადმყოფის სტაციონირება საჭირო და პაციენტს სახლში დარჩენა ურჩიეს. ამის მიუხედავად, თავად დაავადების სახელით შეშინებულმა პაციენტებმა მოგვაკითხეს კლინიკაში და მოითხოვეს სტაციონარული მკურნალობა. სულ ორიოდე დღეში დამშვიდდნენ, მიხვდნენ რომ სახლშიც გააგრძელებდნენ თავისუფლად მკურნალობას (ზოგს, საერთოდ არც სჭირდებოდა), გამოთქვამდნენ სურვილს, პროტოკოლის მიუხედავად გაგვეშვა სახლში (პროტოკოლის დარღვევა კი არაა სასურველი). მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე, პჯრ კვლევებიც კი ამოღებულია გამოჯანმრთელების გაკონტროლებისას.
თებერვალშიც ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა კოვიდის ე.წ. გრიპიზაცია (თუმცა ორგანოთა დაზიანების თვალსაზრისით, კოვიდ19-ს განსხვავებული პათოფიზიოლოგია აქვს). კიდევ ვიმეორებ იმას, რასაც თებერვალ-მარტში ვამბობდი: შიფტიან გრიპებს (ღორის, ფრინველის გრიპს რომ ეძახიან) უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვთ, ვიდრე კოვიდ19-ს (ე.წ. „ესპანურ გრიპზე“ საერთოდ არაა საუბარი!). ამიტომ არაა პანიკის არავითარი საფუძველი, დაუჯერეთ ექიმებს პირველივე ეტაპზეც (ოჯახის ექიმებს) და თუ კლინიკაში მოხვდით - კლინიკის ექიმებსაც! და რაც მთავარია: საზოგადოებრივ ადგილებში მუდამ გეკეთოთ პირბადე!“ - წერს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია.

წაიკითხეთ სრულად