Baby Bag

როგორ უნდა წარვმართოთ გაკვეთილი შეფერხებების გარეშე - ​კლასის მართვის სტრატეგიები

როგორ უნდა წარვმართოთ გაკვეთილი შეფერხებების გარეშე - ​კლასის მართვის სტრატეგიები

ტერმინი "კლასის მართვა" აღწერს პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს გაკვეთილების შეფერხებების გარეშე წარმართვას. ეს ასევე გულისხმობს მოსწავლის ხელისშემშლელი ქცევების პრევენციას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გაკვეთილის ნორმალურ მსვლელობას განაპირობებს არის კლასში ქცევის წესებისა და პროცედურების დადგენა, რომელიც მასწავლებელმა წლის დასაწყისშივე მოსწავლეებთან ერთად უნდა შეიმუშაოს. 

წესები უფრო ფორმალური, წერილობითი ხასიათისაა და ისეთი ტიპის ფორმულირებებს მოიცავს, რომლის წყალობით მოსწავლემ იცის, თუ რის გაკეთების უფლება აქვს და რისი - არა. პროცედურა უფრო არაფორმალური ხასიათისაა და კონკრეტული წესების განხორციელების გზებია. ძალიან ნაყოფიერ შედეგს იძლევა ის პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც თვითონ მოსწავლეები არიან ჩართულნი წესების შედგენაში, რადგან მათ უვითარდებათ პასუხისმგებლობისა და საკუთრების შეგრძნება. 

მაგალითად, მოსწავლეებმა და მასწავლებელმა შეიძლება შექმნან "საკლასო კონსტიტუცია" ანუ კლასში ქცევის წესების და პროცედურების ერთობლიობა. საკლასო კონსტიტუციის შედგენის დროს მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს, თუ რა არის მათი აზრით მოსწავლეებისათვის მისაღები ქცევები და, შესაბამისად, მსჯელობენ კლასის წესებსა და პროცედურებზე (სხვისი პატივისცემა, კლასის სისუფთავის შენარჩუნება და სხვა); მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას მიმართავს კონკრეტული წესების შესრულების მნიშვნელობაზე, იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ შეიძლება რაიმეს გაკეთება (მაგალითად, ადგილიდან პასუხის წამოძახება, ხმაური და სხვა); 

მოსწავლეები კლასის წესების შესრულების დადებით და დარღვევის უარყოფით შედეგებზე მსჯელობენ. ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, რომ მიიღონ ის წესები, რომლებსაც მთელი კლასი ეთანხმება. სასურველია, რომ "საკლასო კონსტიტუცია" კედელზე თვალსაჩინო ადგილას იყოს გამოკრული და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეებს მივუთითოთ, თუ კონსტიტუციის რომელი პუნქტი დაირღვა. ამით მასწავლებელი მუდმივად ზრუნავს კლასის წესების დაცვაზე. შესაძლოა, მასწ ავლებელი და მოსწავლეები შეთანხმდნენ სანქციებზეც, ანუ იმ პროცედურებზე, თუ რა უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არღვევს კლასის მიერ ერთხმად მიღებულ წესებს. 

სანქციების არსებობა ხელს უწყობს კლასის წესების დაცვას. მოსწავლეების მიერ ერთხმად მიღებული წესები და მისი შესრულების პროცედურები იძლევა იმის გარანტიას, რომ მთელი წლის განმავლობაში მასწავლებელმა შეინარჩუნოს დადებითი სასწავლო გარემო და სასწავლო პროცესი ნორმალურად წარიმართოს. კლასის მართვის სტრატეგიებში, გარდა ამისა, შედის გაკვეთილის დაგეგმვა, მოსწავლეთა ორგანიზება, დროის ორგანიზება და ა. შ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„დიახ, მე პრაქტიკოსი ვარ და ვისაც სურს, შემეჯიბროს ბავშვების აღზრდაში...“ - მასწავლებლის მიმართვა განათლების მინისტრს

„დიახ, მე პრაქტიკოსი ვარ და ვისაც სურს, შემეჯიბროს ბავშვების აღზრდაში...“ - მასწავლებლის მიმართვა განათლების მინისტრს

პედაგოგმა ეთო სააკაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით განათლების მინისტრის საჯაროდ მიმართა. 

გთავზობთ მიმართვას უცვლელად:

„მოგესალმებით, ძვირფასო მინისტრო... ბევრი ვიფიქრე ეს წერილი მომეწერა თუ არა და ბოლოს გადავწყვიტე ...არ მინდა სკოლიდან წასვლის შემდეგ დავწერო რამე ... ჯობია, ახლა ვთქვა ჩემი სათქმელი...მე პედაგოგი ვარ... 15 წელია ვმუშაობ... გამოცდები ჩავაბარე, მაგრამ ერთი რამ ჩემთვის გაუგებარია... კრედიტები მე ჩემი თითოეული ბავშვის მიმართ დამოკიდებულება მგონია... ამ რეფორმით ჩვენ განათლებული მასწავლებლები და მიტოვებული ბავშვები მივიღეთ... დიახ, სიმართლეს ვწერ... იმ დროს, რასაც ამ ბიუროკრატიას ვუთმობთ, მე პირადად, მათ სულში ჩახედვას ვამჯობინებ... მე სკოლით არ ვამთავრებ მათთან ურთიერთობას... მე მათით ვცხოვრობ და ეს ლიტონი სიტყვები არააა... არც მარტო ხელფასისთვის ვმუშაობ.. მე მიყვარს ისინი და ვცდილობ მათი ყოველი პრობლემა მათთან ერთად მოვაგვარო... მე არ ვიცი შევძლებ თუ არა 19 კრედიტის მოგროვებას, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, მე მათ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დავტოვე... ისე ვიზრუნე, როგორც საკუთარ შვილებზე... არ ვიცი, რა იქნება ხვალ... სექტემბრიდან თუ პრაქტიკოსად დავრჩი, მომიწევს მათი დატოვება... მე გამიჭირდება მათ გარეშე... არა მგონია, რომ მხოლოდ ამ სტატუსებითა და კრედიტებით უნდა წყდებოდეს მასწავლებლის ბედი... დიახ, მე პრაქტიკოსი ვარ და ვისაც სურს, შემეჯიბროს მათ აღზრდაში... მათ სიყვარულში და მათ ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში... მასწავლებელი ბავშვებისაა...“
წაიკითხეთ სრულად