Baby Bag

რა შემთხვევაში მოიხსნება აპლიკანტი გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე? - იხილეთ გამოცდაზე მოქცევის წესები

რა შემთხვევაში მოიხსნება აპლიკანტი გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე? - იხილეთ გამოცდაზე მოქცევის წესები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდაზე მოქცევის წესებს აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ.

გამოცდაზე მოქცევის წესები ყველა გამოსაცდელის უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება. ამ წესებით უზრუნველყოფილია სექტორში სამუშაო პირობების შექმნა და პროცესის სამართლიანად და ობიექტურად წარმართვა - აღნიშნულია ნაეკის ინფორმაციაში.

გამოცდების მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ:

პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი, სურვილის შემთხვევაში კი დამატებითი სამედიცინო პირბადე; წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი - გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

  • ტესტზე მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეთვალყურე ან კურატორი მოგცემთ მითითებას და დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;
  • პასუხების ფურცელს დაკვირვებით გადახედეთ კურატორთან ან მეთვალყურესთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ის დაუზიანებელია, რის შემდეგაც სექტორის უწყისში მოაწერთ ხელს დაუზიანებელი პასუხების ფურცლის მიღების თაობაზე (ხარვეზიანი პასუხების ფურცელი შეიცვლება);
  • პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად გადაიტანეთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;
  • თუ დროზე ადრე დაასრულებთ ტესტზე მუშაობას და პასუხების ფურცლის შევსებას, ხელის აწევით ანიშნეთ მეთვალყურეს ან კურატორს, რომლებსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ შავი სამუშაოსათვის განკუთვნილ ფურცელსა და პასუხების ფურცელს, რასაც დაადასტურებთ უწყისში ხელმოწერით და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებთ საგამოცდო სექტორს;
  • გაითვალისწინეთ, რომ მაგიდაზე არ უნდა დააწყოთ არც ერთი ნივთი, გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდათ. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე;
  • დრო არავის დაემატება (გარდა იმ პირებისა, რომლებსაც სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევები აქვთ);
  • ტესტირების დროს ვალდებული ხართ, დაიცვათ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები: ატაროთ პირბადე, შეინარჩუნოთ სოციალური დისტანცია, მითითების შემთხვევაში - დაიმუშაოთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით.
გამოსაცდელი გაფრთხილებას მიიღებს შემდეგ შემთხვევებში:
  • კურატორის ან მეთვალყურისათვის ტესტის შინაარსთან დაკავშირებული კითხვების დასმა;
  • საგამოცდო პროცესის დროს საუბარი, ერთმანეთთან გადალაპარაკება ან რაიმე ფორმით ერთმანეთის დახმარების მცდელობა;
  • მეთვალყურის ან კურატორის მითითებამდე ტესტზე მუშაობის დაწყება;
  • საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება;
  • სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება;
  • პასუხების ფურცლის შესავსებად ცენტრის ან ცენტრის მიერ ნებადართული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება;
  • პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.
ერთი გაფრთხილების შემდეგ იმავე ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.

გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნება პირი:
  • ლექსიკონის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს (მათ შორის საათის) გამოცდაზე შეტანისა და მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში;
  • დამხმარე მასალის გამოყენების ან აღმოჩენის შემთხვევაში;
  • წესრიგის უხეში დარღვევის, აგრეთვე, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან ამის მსგავს შემთხვევაში;
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში მოგეცემათ შენიშვნა და მიგეთითებათ წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან

  • გამოსაცდელი უნდა დაემორჩილოს გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებას, მათ შორის, გამოცდიდან მოხსნის შესახებ.
  • დადგენილი პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, უფლება გაქვთ იმავე დღის 21:00 საათამდე წარმოადგინოთ საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ცენტრის შენობაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს კლასიკა ბავშვებმა უნდა იცოდნენ. ოჯახმა და სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ბავშვები უწიგნურები არ დარჩნენ,“ - მზექალა შანიძე

„ეს კლასიკა ბავშვებმა უნდა იცოდნენ. ოჯახმა და სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ბავშვები უწიგნურები არ დარჩნენ,“ - მზექალა შანიძე

ენათმეცნიერმა მზექალა შანიძემ მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა, თუ როგორ უნდა შეაყვარონ ბავშვებს კითხვა:

„მე წიგნის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. ​პატარაობიდანვე რომ ვხედავდი წიგნებს კითხულობდნენ, გავხდი წიგნის მკითხველი. საბავშვო ბაღში კითხვა ვიცოდი და იქ ვუკითხავდი სხვებს წიგნებს. ჩუმადაც ვკითხულობდი ხოლმე. მიშლიდნენ, მეუბნებოდნენ, ამდენი კითხვით თვალებს გაიფუჭებო. საბანქვეშ მქონდა წიგნი დამალული, სანამ დედაჩემი არ გადამაძრობდა საბანს, მანამდე ვკითხულობდი.“

მზექალა შანიძის თქმით, კომპიუტერი და ციფრული ტექნოლოგიები წიგნს ვერ ჩაანაცვლებს:

„ამბობენ, რომ დღეს წიგნი აღარ არის საჭირო, იგი შეცვალა კომპიუტერმა. კომპიუტერი და ციფრული ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია. უამისოდ თანამედროვე საზოგადოება წარმოუდგენელია. კომპიუტერს თავისი დანიშნულება აქვს და წიგნს თავისი. არსებობს კიდევ ეს პრობლემა: რას ვაწვდით ჩვენ ბავშვებს? პირველ რიგში, ოჯახმა უნდა შეაყვაროს ბავშვებს წიგნების კითხვა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ სკოლაში მიდის ბავშვი და ის ისწავლის. ბავშვმა ბავშვობიდანვე, პატარა ასაკიდანვე უნდა შეიყვაროს ნაბეჭდი სიტყვა.“

„12-13 წლის ბავშვებს ვურჩევდი ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“ წაიკითხონ. ეს წიგნი კარგად ასახავს ბრბოს ფსიქოლოგიას. ბრბოს ფსიქოლოგია, რომელმაც კარგ ადამიანს ქვა ააღებინა ხელში და ასროლინა, ჩვენი დროისთვის ძალიან აქტუალური საკითხია. მე რომ წავიკითხე, მაშინვე გულზე მომხვდა ეს და ვიფიქრე, კარგია, რომ ჩვენმა ბავშვებმა ეს იცოდნენ-მეთქი. ის რაც აღიარებულია კლასიკად, ეს კლასიკა ბავშვებმა უნდა იცოდნენ. ​ოჯახმა და სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ბავშვები უწიგნურები არ დარჩნენ,“ - აღნიშნულ საკითხზე მზექალა შანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად