მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებზე (კვლევები სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესსა და მოსწავლეთა მიღწევებს შეეხება) სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ამ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო შეფასების ტიმსის პრეზენტაციას დავესწარი შეფასებისა და გამოცდების ცენტრში. რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. ის ნაპრალი, რაც სოფლის და ქალაქის სკოლებს შორის იყო ხოლმე, საგრძნობლად არის შემცირებული, ეს ეხება ბუნებისმეტყველების და მათემატიკის მე-4 და მე-8 კლასის კვლევებს, ასევე შემცირებულია კერძო და საჯარო სკოლებს შორის სხვაობა. სხვაობების შემცირება სოფლის და საჯარო სკოლების შედეგების გაუმჯობესების ხარჯზე ხდება, რაც სასიხარულოა. ხარისხიანი განათლება ხომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მიუხედავად დაბადების ადგილისა, ოჯახის სოციალური სტატუსისა, თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. მაგ. ბუნებისმეტყველებაში სოფლის სკოლების ქულებში გაუმჯობესება 40 ქულაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები 2015 წლის შეფასებიდან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს. პირდაპირ უკავშირდება, რომ ამ წლებში პროფესიული განვითარება ორგანიზებულ ფორმატში მოექცა, ამოქმედდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. სქემა შეეხო ყველა მასწავლებელს და მის ფარგლებში დაეკისრათ პროფესიული განვითარების გარკვეული ვალდებულებები. დაინერგა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი; სკოლის ბაზაზე მონიტორინგის სისტემა და უკუკავშირი; მასწავლებლები ასევე სკოლებში თანამშრომლობის გააქტიურებას ასახელებენ გაუმჯობესების შესაძლო ფაქტორებში.
ამ მიღწევებს უნდა შენარჩუნება და მათზე დაშენება!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„სკოლებმა რეგულაციების დაცვით უნდა დაიწყონ სწავლა. ეს ქვეყანა კიდევ წლები არ აიცრება, ბავშვების განათლებას ვერავის შევწირავთ“
„სკოლებმა რეგულაციების დაცვით უნდა დაიწყონ სწავლა. ეს ქვეყანა კიდევ წლები არ აიცრება, ბავშვების განათლებას ვერავის შევწირავთ“ - ამის შესახებ USAID - ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის პოსტს:
„ვისაც არ უნდა სკოლაში სიარული, ონლაინ სწავლის არჩევანი უნდა ჰქონდეს. ყველანი ბუნაგის ცხოველები ვერ გავხდებით. მესამე აკადემიური წელია უკვე, რაც სწავლა ონლაინაა. ეს მთელი ეპოქაა ბავშვის ცხოვრებაში. ვინც ფიქრობს, რომ „რა დროს სკოლების გახსნაა“, იჯდეს სახლში და ისწავლოს ონლაინ. ვინც ამ პრობლემას უფრო გრძელვადიან მასშტაბში ვხედავთ და გამოკეტვა გამოსავალი არ გვგონია, უნდა მოგვეცეს ნორმალური სწავლა-განვითარების საშუალება. ურთიერთგამომრიცხავ გადაწყვეტილებებს და არათანმიმდევრულ პოლიტიკას (ვაქცინის სიკეთეების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებული გავრცელება, თავად დაგვიანებული ვაქცინაცია, ჯარიმების ზარ-ზეიმით პატიება, რეგულაციების სრულად მოხსნა და უკონტროლობა) ბავშვების ინტერესები ეწირება, კოვიდით დაშინებული ერი კი დუმს. „აი, ოღონდ დღეს გადავრჩეთ და რა დროს სწავლაა“, ასე გრძელდება მესამე აკადემიური წელია. სწორედ იმიტომ გვაქვს ამ ზაფხულს ამდენი დაკარგული სიცოცხლე, რომ არათანმიმდევრულები ვართ. ბავშვებმა რატომ უნდა ზღონ არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგები? მათ დღეს სკოლაში სიარული ჰაერივით სჭირდებათ. სკოლის გახსნის გარეშე კიდევ უფრო ჩამორჩენილ ქვეყანას მივიღებთ შედეგად“, - წერს მარინა უშვერიძე.