მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებზე (კვლევები სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესსა და მოსწავლეთა მიღწევებს შეეხება) სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ამ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო შეფასების ტიმსის პრეზენტაციას დავესწარი შეფასებისა და გამოცდების ცენტრში. რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. ის ნაპრალი, რაც სოფლის და ქალაქის სკოლებს შორის იყო ხოლმე, საგრძნობლად არის შემცირებული, ეს ეხება ბუნებისმეტყველების და მათემატიკის მე-4 და მე-8 კლასის კვლევებს, ასევე შემცირებულია კერძო და საჯარო სკოლებს შორის სხვაობა. სხვაობების შემცირება სოფლის და საჯარო სკოლების შედეგების გაუმჯობესების ხარჯზე ხდება, რაც სასიხარულოა. ხარისხიანი განათლება ხომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მიუხედავად დაბადების ადგილისა, ოჯახის სოციალური სტატუსისა, თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. მაგ. ბუნებისმეტყველებაში სოფლის სკოლების ქულებში გაუმჯობესება 40 ქულაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები 2015 წლის შეფასებიდან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს. პირდაპირ უკავშირდება, რომ ამ წლებში პროფესიული განვითარება ორგანიზებულ ფორმატში მოექცა, ამოქმედდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. სქემა შეეხო ყველა მასწავლებელს და მის ფარგლებში დაეკისრათ პროფესიული განვითარების გარკვეული ვალდებულებები. დაინერგა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი; სკოლის ბაზაზე მონიტორინგის სისტემა და უკუკავშირი; მასწავლებლები ასევე სკოლებში თანამშრომლობის გააქტიურებას ასახელებენ გაუმჯობესების შესაძლო ფაქტორებში.
ამ მიღწევებს უნდა შენარჩუნება და მათზე დაშენება!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
რამდენი ლარით და ვის გაეზრდება ხელფასები 2022 წლის იანვრიდან?
სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის 2022 წლის იანვრიდან, სახელფასო დანამატის 100 ლარით ზრდა არის გათვალისწინებული, ამისთვის კი პროექტით 79.4 მლნ ლარია განსაზღვრული - აღნიშნულის შესახებ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტშია გაწერილი.
დოკუმენტის მიხედვით,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება 79.4 მლნ ლარითაა გაზრდილი და ჯამში 975.0 მლნ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 1 637.5 მლნ ლარითაა განსაზღვრული, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 112.7 მლნ ლარით აღემატება. 88.7 მლნ ლარით გაზრდილია სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსება და 1 145.0 მლნ ლარითაა განსაზღვრული.