Baby Bag

საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება

საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სამართლებრივი ჩარჩოები, მისი დანერგვისა და დაფინანსების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები და პროექტები განიხილეს.

მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგენს პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის დამაკავშირებელ ხიდს და ეხმიანება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. საგანმანათლებლო პროგრამები საშუალებას იძლევა მოკლე ვადებში მომზადდეს ის ადამიანური რესურსი, რომელიც დასაქმების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. ამავდროულად, პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ამ პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტების აღიარება მოხდება.

აღსანიშნავია, რომ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონებში ახლად შეტანილი ცვლილებების შედეგად შემუშავდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სკოლა ანგრევს კრეატიულობას...განათლებად წოდებული ეს პროცესი არის დროის გაცდენა, 12 წლიანი რუტინის პროგრამა, რომელიც რეალური ცხოვრებისთვის ვერ ამზადებს მოსწავლეებს''

,,სკოლა ანგრევს კრეატიულობას...განათლებად წოდებული ეს პროცესი არის დროის გაცდენა, 12 წლიანი რუტინის პროგრამა, რომელიც რეალური ცხოვრებისთვის ვერ ამზადებს მოსწავლეებს''

,,კიდევ ერთი სემესტრი მთავრდება და გამახსენდა, რომ სკოლა ანგრევს კრეატიულობას,'' - აღნიშნულის შესახებ საბავშვო წიგნების ავტორმა, ტრენერმა კრეატივისა და იდეების გენერირების ტექნიკაში, კოტე იანტბელიძემ პოსტი სიციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

,,დიდი სიფრთხილით შევარჩიე სიტყვები: იქნებ აფუჭებს ან აზიანებს, მაგრამ არა, - ანგრევს.

განათლებად წოდებული ეს პროცესი არის დროის გაცდენა, 12 წლიანი რუტინის პროგრამა, რომელიც რეალური ცხოვრებისთვის ვერ ამზადებს მოსწავლეებს. სკოლა ვერ აძლევს მათ რეალურ უნარებს, რომელიც თანამედროვე სამყაროში გამოადგებათ.

როგორია თანამედროვე სამყარო? სწრაფად ცვალებადი, არაპროგნოზირებადი, სადაც ისეთი არაორდინარული პრობლემები მატულობს, რომელსაც ძველი გამოცდილებით ვერ გადაჭრი. რა გჭირდება თანამედროვე სამყაროში? - ინოვაციურობა, კრეატიულობა, გამჭრიახობა, მოქნილობა და არაორდინარული მიდგომა. და რომელს ასწავლიან სკოლაში?

როცა პირველკურსელები უნივერსიტეტებში მოდიან, ზოგი მათგანის ქცევაში ჯერ კიდევ მძაფრად იგრძნობა სკოლის საშინელი სისტემა. იგრძნობა რა უქნეს ამ უნიჭიერეს თაობას 12 წლის განმავლობაში: დიდ ნაწილს ეშინია შეცდომის დაშვების, რაიმეს არასწორად თქმის, საკუთარი აზრის ჩამოყალიბების, დასაბუთების, მსჯელობის, წარდგენის, გუნდურად მუშაობის, კრეატიულობის.

და ამისთვის იხარჯება ცხოვრების 12 წელი.

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში საგანმანათლებლო პროგრამების გადაწყობა დაიწყო, რომ სკოლებში კრეატივის და ინოვაციის როლი გაიზარდოს. უბრალოდ ცოდნას კი არ აძლევენ, არამედ ამ ცოდნის გამოყენების უნარებს ასწავლიან. აყვარებენ ცოდნის მიღების პროცესს და თვითგანვითარებას. მოკლედ, სწავლას ასწავლიან.

კარგია, რომ ონლაინ სწავლება იმაზე ადრე დაიტესტა, ვიდრე ვვარაუდობდით. ფორსმაჟორის გამო ხარვეზებიც იყო, თუმცა, მგონია, რომ ბევრი სკოლა ახლებურად იფიქრებს ამის შემდეგ, ისევე ახლებურად, კრეატიულად და არაორდინარულად, როგორიც თაობა გვყავს და როგორიც ჩვენს ეპოქას შეეფერება.

არსებობენ გამონაკლისი სკოლები. არსებობენ გამონაკლისი მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებში კრეატიულობის ნაპერწკალს არ აქრობენ, მაგრამ ეს ღმერთივით ხალხი იძულებულია უაზრო პროგრამის და კიდევ უფრო უაზრო ხელფასის ამარა დარჩეს,'' - აღნიშნავს მწერალი. 

წაიკითხეთ სრულად