Baby Bag

საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება

საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სამართლებრივი ჩარჩოები, მისი დანერგვისა და დაფინანსების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები და პროექტები განიხილეს.

მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგენს პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის დამაკავშირებელ ხიდს და ეხმიანება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. საგანმანათლებლო პროგრამები საშუალებას იძლევა მოკლე ვადებში მომზადდეს ის ადამიანური რესურსი, რომელიც დასაქმების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. ამავდროულად, პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ამ პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტების აღიარება მოხდება.

აღსანიშნავია, რომ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონებში ახლად შეტანილი ცვლილებების შედეგად შემუშავდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“ - Naec-ის დირექტორი

„ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“ - Naec-ის დირექტორი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, ყველა ცვლილება, რომელიც საგამოცდო სისტემას შეეხება, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება და გადაწყვეტილების მიღებისთანავე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.
„ჩვენი სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, მათ შორის არის, არსებული სისტემის კვლევა და ანალიზი. პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლები - ყველა დაინტერესებული მხარე. არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა და სამწუხაროა, რომ ამ ფონზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ კონკრეტული სიახლის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად გავრცელდება ოფიციალური საშუალებებით. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ძირეული ცვლილებები არ იქნება. ცვლილება მხოლოდ ოთხი გამოცდის (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) ტესტის ფორმატს ​შეეხო. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა.

წაიკითხეთ სრულად