Baby Bag

გამოცდები 2021 - საგამოცდო ბარათები

გამოცდები 2021 - საგამოცდო ბარათები
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს 21 ივნისის 11:00 საათიდან შეუძლიათ.

საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

როგორ ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი? - დეტალური ინსტრუქცია:

გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.

2021 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება 25 საგამოცდო ცენტრი. იხ. ბმული.

გამოსაცდელებმა გამოცდებზე უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. იხ. ბმული

შეიძლება დაინტერესდეთ

აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით - 2021

აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით - 2021
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია:

ისტორია აირჩია 22 200 - მდე აბიტურიენტმა;
მათემატიკა - 12 900 - მდე აბიტურიენტმა;
ბიოლოგია - 3000 - მდე აბიტურიენტმა;
გეოგრაფია - 700 - მდე აბიტურიენტმა;
ზოგადი უნარები - 4 100 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ლიტერატურა - 800 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია - 2300 - მდე აბიტურიენტმა;
ფიზიკა - 200 - მდე აბიტურიენტმა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 50 - ზე მეტმა აბიტურიენტმა.
ჩარიცხვების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წელსაც სამი სავალდებულო საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ისტორია ან მათემატიკა) წარმატებით ჩაბარებაა საჭირო. ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასაბარებლად სავალდებულოა ოთხი გამოცდა. რაც შეეხება დამატებით საგნებს, კონკრეტულ პროგრამაზე თითოეული მათგანი უმაღლესმა სასწავლებელმა თავად განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ითხოვს დამატებით არჩევით საგანს, სავალდებულოა ოთხივე საგანში ბარიერის დაძლევა. 
წაიკითხეთ სრულად