Baby Bag

ერთ კვირაში სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება

ერთ კვირაში სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება

საქართველოს საჯაროს სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. არსებული სტატისტიკა უკვე იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტატისტიკური მონაცემებით, 29 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა.

„მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 59 სკოლა და 145 ცალკეული კლასი.

რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს, მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 122.

ვირუსის გამოვლების შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება.

საჯარო და კერძო სკოლებში პედაგოგთა ტესტირება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სკოლებში სისტემატურად მიმდინარეობს უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი, როგორც სამინისტროს პირველი პირების, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან,“ - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების ს​ანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

„იმ მასწავლებლებს, ვისაც აწი მოუწევთ გარე დაკვირვების გავლა, სტატუსი იანვრისთვის ექნებათ მინიჭებული“ - მანანა რატიანი

„იმ მასწავლებლებს, ვისაც აწი მოუწევთ გარე დაკვირვების გავლა, სტატუსი იანვრისთვის ექნებათ მინიჭებული“ - მანანა რატიანი

„ვინც უკვე გაიარა გარე დაკვირვება, მათ სტატუსი ჩვეულებრივ, სექტემბრისთვის შეეცვლებათ, ხოლო იმ მასწავლებლებს, ვისაც აწი მოუწევთ გარე დაკვირვების გავლა, (მთელი სემესტრის განმავლობაში შევძლებთ გარე დაკვირვების პროცესის დასრულებას) სტატუსი იანვრისთვის ექნებათ მინიჭებული - ახალ სემესტრს სტატუსით შეხვდებიან,“ - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა ​ახალ განათლებასთან ინტერვიუში განაცხადა.  

მისივე თქმით, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია თავიდან გამოცხადდება:

„რადგან მასწავლებლებს ეცვლებათ ცხრილები, იცვლება კლასიც, რომელშიც უნდოდათ დაკვირვება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, რეგისტრაცია ხელახლა უნდა გამოცხადდეს. უბრალოდ, ეს იქნება ძალიან მოკლევადიანი რეგისტრაცია, რომ პროცესი ისევ არ გაიწელოს და ერთ სემესტრში ყველას დაკვირვება მოვასწროთ. აქედან გამომდინარე, სექტემბერში, როცა უკვე ცხრილები იქნება შედგენილი/განაწილებული, გამოცხადდება სწრაფი რეგისტრაცია და მასწავლებლები სემესტრის ცხრილის მიხედვით განაწილდებიან. გარე დაკვირვების მომლოდინე მასწავლებელთა რიცხვი საკმაოდ დიდია - 2000-მდე მასწავლებლი, ხოლო 1400-მდე მასწავლებელი სასექტემბროდ უკვე სტატუსის შეცვლას ელოდება,“ - აღნიშნა მანანა რატიანმა. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, გარე დაკვირვების რუბრიკის განხორციელება როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ფორმატში იქნება შესაძლებელი:

„​გარე დაკვირვებას პრობლემა ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ შეუქმნა, რადგან არც ჩვენ და არც არავინ ამისთვის მზად არ იყო, არ გვქონდა ონლაინ გარე დაკვირვების შეფასების ინსტრუმენტი, შესაბამისად, ეს არც გარე დაკვირვების წესში იყო ასახული. სქემის მიხედვით, მასწავლებლები პირისპირ დაკვირვებას გადიოდნენ და გარე დაკვირვების წესშიც სწორედ ამ ფორმატის მიხედვით იყო ის კრიტერიუმები დადგენილი, რასაც მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ რუბრიკის მიხედვით. მაგრამ, მთავარი, რაც მოხდა, არის ის, რომ პენდემიის პერიოდში, ვიდრე სკოლები ონლაინ სწავლებაზე იყვნენ გადასულები, ჩვენ შევიმუშავეთ ონლაინ გარე დაკვირვების კრიტერიუმები. ამ პროცესში ჩართული იყო 12 სკოლა (შეირჩა რაიონის, მთის, მცირეკონტინგენტიანი, არაქართლენოვანი და ქალაქის სკოლები) და ამ სკოლების დირექტორებთან ერთად, დავიწყეთ საგაკვეთილო პროცესის კრიტერიუმების შემუშავება. შესაბამისად, ახლა, პირისპირ დაკვირვებასთან ერთად, უკვე ონლაინ საგაკვეთილო დაკვირვების რუბრიკაც გვექნება და შემდეგ სასწავლო წელს, უკვე სექტემბრიდან, რომელ ფორმატშიც განახლდება სწავლება, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით – პირისპირ თუ ონლაინ – იმ ფორმატში შევძლებთ გარე დაკვირვების რუბრიკის განხორციელებას. ასე რომ, რადგან ჩვენ უკვე ორივე ფორმატისთვის გვაქვს მექანიზმები, მასწავლებლებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან გარე დაკვირვებაზე, პრობლემა არ შეექმნებათ და მიუხედავად იმისა, სწავლება ონლაინ ფორმატში იქნება თუ პირისპირ, ჩვენ შევძლებთ დაკვირვებას. რეალურად, შეიქმნა ალტერნატივა და მას იმისდა მიხედვით გამოვიყენებთ, როგორც დაგვჭირდება, ამიტომ გადავადება აღარ დაგვჭირდება,“ - აღნიშნა მანანა რატიანმა.

გაეცნით ინტერვიუს სრულად ამ ბმულზე


წაიკითხეთ სრულად