Baby Bag

,,არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ''

,,არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ''

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა:

„ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენს ცხოვრებაში დასრულდა ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი, ახალი ცოდნის მიღებისა და მეგობრების შეძენის 12 წელიწადი. დღეს თქვენ დატოვებთ სკოლის კედლებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯებთ.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ. მაშინ, როცა პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება, თქვენ გაუმკლავდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ სწავლა. ეს დიდი გამოცდილება აუცილებლად იქონიებს დადებით გავლენას თქვენს მომავალზე და, დარწმუნებული ვარ, ცხოვრების გზაზე გაჩენილ ყველა გამოწვევას შესაძლებლობად აქცევთ.

მინდა მუდამ გახსოვდეთ, რომ განათლება თქვენი მომავლის საძირკველი და საზოგადოების სწორი მიმართულებით განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. არ დაივიწყოთ ეს, რადგან ხვალიდან თქვენ წინაშე უამრავი საინტერესო პერსპექტივა იხსნება, ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ, წინ გელით ახალი ურთიერთობები, მეგობრები და პასუხისმგებლობები.

მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასოდეს გაგინელდებათ.

კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის შემქმნელები სწორედ თქვენ ხართ. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!“

შეიძლება დაინტერესდეთ

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობით, აგრძელებს მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების სრულყოფას:

როგორც იცით, დაგეგმილია „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავება. შესაბამისად, ცენტრი იწყებს საქმიანობას აღნიშული დოკუმენტის შექმნის მიზნით. აქვე შეგახსენებთ, რომ „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ გააერთიანებს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასა“ და მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშრებულ სხვა დოკუმენტებს.

​აღნიშული წესის ამოქმედებამდე, ცენტრმა დაგეგმა სქემის დანერგვის პროცესის შეფასება, რათა დროულად მოხდეს არსებული რისკების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკის შენარჩუნება და ხარვეზების გამოსწორება. სქემის დანერგვის პროცესის შეფასება მოიცავს:
  • მასწავლებელთა, სკოლის დირექტორთა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას (ფოკუსჯგუფებს, ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ ფორმატში);
  • დაინტერესებული პირების/ექსპერტებისა და ორგანიზაციების ჩართვას როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე;
  • ონლაინშეხვედრებსა და გამოკითხვებს.

​შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემუშავდება „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ საბოლოო ვერსია.
„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იწვევს თანამშრომლობისთვის დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს: info@tpdc.ge.


წაიკითხეთ სრულად