Baby Bag

,,არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ''

,,არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ''

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა:

„ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენს ცხოვრებაში დასრულდა ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი, ახალი ცოდნის მიღებისა და მეგობრების შეძენის 12 წელიწადი. დღეს თქვენ დატოვებთ სკოლის კედლებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯებთ.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ. მაშინ, როცა პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება, თქვენ გაუმკლავდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ სწავლა. ეს დიდი გამოცდილება აუცილებლად იქონიებს დადებით გავლენას თქვენს მომავალზე და, დარწმუნებული ვარ, ცხოვრების გზაზე გაჩენილ ყველა გამოწვევას შესაძლებლობად აქცევთ.

მინდა მუდამ გახსოვდეთ, რომ განათლება თქვენი მომავლის საძირკველი და საზოგადოების სწორი მიმართულებით განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. არ დაივიწყოთ ეს, რადგან ხვალიდან თქვენ წინაშე უამრავი საინტერესო პერსპექტივა იხსნება, ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ, წინ გელით ახალი ურთიერთობები, მეგობრები და პასუხისმგებლობები.

მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასოდეს გაგინელდებათ.

კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის შემქმნელები სწორედ თქვენ ხართ. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!“

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი 2019 წლის საუკეთესო პედაგოგის გამოსავლენად კონკურსებს აცხადებს

მასწავლებლის სახლი 2019 წლის საუკეთესო პედაგოგის გამოსავლენად კონკურსებს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს:

2019 წლის საუკეთესო მასწავლებელის გამოსავლენად ცხადდება კონკურსები:

2019 წლის ინგლისური ენის საუკეთესო მასწავლებელი;
2019 წლის გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
2019 წლის რუსული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
2019 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
2019 წლის ქართული, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელი.


თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული და ქართული როგორც მეორე ენების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.

კონკურსში მონაწილეობისათვის შევსებულ აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. ასევე თუ მონაწილეს წარმოდგენილი არ ექნება საკონკურსე ვიდეო, მისი კანდიდატურა არ განიხილება. ვიდეო უნდა იყოს ჩაწერილი იმ ენაზე რომელსაც მასწავლებელი ასწავლის.

რეგისტრაციის ვადა: 2 მაისი 2019 – 16 მაისი 2019

კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.

რეგისტრაციისთვის გადადით ​ბმულზე. 

წაიკითხეთ სრულად