Baby Bag

,,არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ''

,,არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ''

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა:

„ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენს ცხოვრებაში დასრულდა ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი, ახალი ცოდნის მიღებისა და მეგობრების შეძენის 12 წელიწადი. დღეს თქვენ დატოვებთ სკოლის კედლებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯებთ.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ. მაშინ, როცა პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება, თქვენ გაუმკლავდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ სწავლა. ეს დიდი გამოცდილება აუცილებლად იქონიებს დადებით გავლენას თქვენს მომავალზე და, დარწმუნებული ვარ, ცხოვრების გზაზე გაჩენილ ყველა გამოწვევას შესაძლებლობად აქცევთ.

მინდა მუდამ გახსოვდეთ, რომ განათლება თქვენი მომავლის საძირკველი და საზოგადოების სწორი მიმართულებით განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. არ დაივიწყოთ ეს, რადგან ხვალიდან თქვენ წინაშე უამრავი საინტერესო პერსპექტივა იხსნება, ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ, წინ გელით ახალი ურთიერთობები, მეგობრები და პასუხისმგებლობები.

მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასოდეს გაგინელდებათ.

კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის შემქმნელები სწორედ თქვენ ხართ. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!“

შეიძლება დაინტერესდეთ

რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!!! - განათლების სამინისტრომ ბრძანება გამოაქვეყნა

რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!!!  -  განათლების სამინისტრომ ბრძანება გამოაქვეყნა

​​მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადის დადგენის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება გამოაქვეყნა. ბრძანებას განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს.

​ბრძანების თანახმად, 

1. მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის: 

ა) გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადა დადგინდეს 2020 წლის 23 ივლისიდან 2020 წლის 24 ივლისის ჩათვლით; 

ბ) გამოცდის ჩატარების ვადა დადგინდეს 2020 წლის 30 ივლისიდან 2020 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით. 

2. დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციას (დეპარტამენტს) ამ ბრძანების გაცნობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის; 

3. დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტს ამ ბრძანების გამოქვეყნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე; 

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე; 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6)

წაიკითხეთ სრულად