Baby Bag

,,არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ''

,,არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ''

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა:

„ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენს ცხოვრებაში დასრულდა ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი, ახალი ცოდნის მიღებისა და მეგობრების შეძენის 12 წელიწადი. დღეს თქვენ დატოვებთ სკოლის კედლებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯებთ.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ. მაშინ, როცა პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება, თქვენ გაუმკლავდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ სწავლა. ეს დიდი გამოცდილება აუცილებლად იქონიებს დადებით გავლენას თქვენს მომავალზე და, დარწმუნებული ვარ, ცხოვრების გზაზე გაჩენილ ყველა გამოწვევას შესაძლებლობად აქცევთ.

მინდა მუდამ გახსოვდეთ, რომ განათლება თქვენი მომავლის საძირკველი და საზოგადოების სწორი მიმართულებით განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. არ დაივიწყოთ ეს, რადგან ხვალიდან თქვენ წინაშე უამრავი საინტერესო პერსპექტივა იხსნება, ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ, წინ გელით ახალი ურთიერთობები, მეგობრები და პასუხისმგებლობები.

მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასოდეს გაგინელდებათ.

კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის შემქმნელები სწორედ თქვენ ხართ. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!“

შეიძლება დაინტერესდეთ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საათობრივი ბადე შეადგინოს სამი მოდელის მიხედვით - მორიგი ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საათობრივი ბადე შეადგინოს სამი მოდელის მიხედვით - მორიგი ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

ეროვნულ სასწავლი გეგმაში ისევ ცვლილებებია. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

ცვლილების მიხედვით, საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს და წამყვან მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით), ასეთის არსებობის შემთხვევაში. I-IV კლასების იმ პედაგოგებს, რომელთაც ფიზიკური აღზრდის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა ან მუსიკის სწავლების მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება აქვთ, მიეცეთ უფლება ასწავლონ კონკრეტული საგანი დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებში, თუ სკოლას არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი (გამოცდით დადასტურებული ან დიპლომირებული სპეციალისტი). 

გარდა ამისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საათობრივი ბადე, სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეადგინოს შემდეგი სამი მოდელის მიხედვით:

მოდელი Iსაათობრივი ბადე, რომელიც მიჰყვება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კვირეულ საათობრივ დატვირთვას;

მოდელი IIსაათობრივი ბადე, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნის წლიურ ჯამურ საათებს და რომელშიც კვირეული დატვირთვა გადანაწილებულია სკოლის შეხედულებისამებრ სემესტრების/წლის მანძილზე; ამასთანავე:

1. საჯარო სკოლამ თავისი გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს და წარმოადგინოს სამინისტროში.

2. სკოლა უფლებამოსილია, მეორე მოდელი გამოიყენოს ერთ კონკრეტულ კლასში (და არა ყველა პარალელურ კლასში), მინიმუმ ერთ და მაქსიმუმ ყველა საგანში, ერთი სემესტრის ან მთელი აკადემიური წლის მანძილზე.

მოდელი IIIსაათობრივ ბადეს შეიმუშავებს თავად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება თავისი შეხედულებისამებრ და სამინისტროში წარმოადგენს შესაბამის დასაბუთებას, თუ როგორ შეუწყობს ხელს სკოლის მიერ განსაზღვრული საათობრივი დატვირთვა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სტანდარტის შედეგების მიღწევას.“

ცვლილებებს დეტალურად გაეცანით ამ ბმულზე - ​ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

წაიკითხეთ სრულად