რა არის ე.წ. „ახალი სკოლის“ დამკვიდრების მთავარი იდეა და მასთან დაკავშირებული სარგებელი ან საფრთხე? - ამ თემაზე ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს:„ცნებების გააზრებაზე ორიენტირებული სასწავლო (მითუმეტეს - აღმზრდელობითი) პროცესის გაფეტიშება და ამგვარ განწყობაზე დაფუძნებული მეთოდიკის „ერთადერთობისა“ და უმაღლესი დიდაქტიკური ნიშნით დამკვიდრება დიდი შეცდომაა - არც ერთი საგანმანათლებლო იდეის გააბსოლუტება არ ვარგა. მხოლოდ უნივერსალური მიდგომა და ხედვა ამართლებს.
ასეთი მეფეა ფრაზა, წინადადება, აზრი.
ცნების გარეშე ფრაზა ვერ აიგება მაგრამ ერთი კანონზომიერება სრულიად ნათელია:
ფრაზა ფიქრს ქმნის, ცნება ანაწევრებს.
სწავლისას შეცნობის მომენტს სწორედ ფრაზა ქმნის, რომელიც, ცხადია, ცნებებისგან შედგება, მაგრამ არ არის მათ მნიშვნელობათა უბრალო არითმეტიკული ჯამი. ცნებები ფრაზაში ერთმანეთთან კონტაქტით გარდაისახებიან და ახალ სიცოცხლეს ბადებენ - რომელიც ცალ-ცალკე არც ერთ მათგანში არ არის.
„ყორღანებიდან გნოლი აფრინდა“ არ არის ამ სამი ცნების უბრალო მიმატება - არც „გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“.
აი, რას არ ითვალისწინებს „ახალი სკოლა“ და ეს მისი სერიოზული ნაკლია.
ცხადია, ამ ნაკლზე დაფუძნებული ნებისმიერი საგანმანათლებლო ხედვა, იდეა, მეთოდიკა თუ მოთხოვნა ასევე ხარვეზიანი და პრობლემურია.
არამართებული ფუნდამენტი მყარ და უსაფრთხო შენობას ვერ დაიჭერს.
საგანმანათლებლო სისტემის, სწავლებისა და აღზრდის „ცენტრალური ბგერა“ აზრი, ფრაზა, წინადადება უნდა იყოს და არა ცნება, რომელსაც მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.
და კიდევ:
რაღაცის აღქმა და შეცნობა არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ემოციური აქტიც არის.
ემოციას ფრაზა ბადებს და არა ცნება.
განათლების ქართულ სისტემას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, მაგრად კარგად უნდა გვახსოვდეს, რამ შეიძლება ის შექმნას და მოგვაპოვებინოს.
ცალმხრივ ხედვათა ნაძალადევი დანერგვით წარმატება ვერ მიიღწევა“, - წერს გია მურღულია.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.