Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება
2019 წლის ზაფხულში დაგეგმილი კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 აპრილიდან დაიწყება და 19 აპრილს დასრულდება, გამონაკლისია BEC Higher-ის გამოცდა, რომლისთვისაც რეგისტრაცია 10 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს. რეგისტრაციის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ შემდეგ გამოცდებზე:

  • KET/KET FS;
  • PET/PET FS;
  • FCE/FCE FS;
  • CAE;
  • BUSINESS ENGLISH CERTIFICATE PRELIMINARY;
  • BUSINESS ENGLISH CERTIFICATE VANTAGE;
  • BUSINESS ENGLISH CERTIFICATE HIGHER;
  • YOUNG LEARNERS Starters;
  • YOUNG LEARNERS Movers;
  • YOUNG LEARNERS Flyers;
  • TKT.
რეგისტრაციის გასავლელად უნდა ეწვიოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს, ამობეჭდოთ შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა და შეავსოთ.
შევსებულ ფორმას აპლიკანტმა უნდა დაურთოს გამოცდის საფასურის გადახდის ქვითარი და პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი. პირადობის მოწმობის ან პასპორტის არ ქონის შემთხვევაში, მან უნდა შეავსოს და მოიტანოს ცენტრში "იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის".
Young Learner-ების გამოცდებზე დასარეგისტრირებლად მსურველებს მხოლოდ ორი საბუთი ესაჭიროებათ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა და გადახდის ქვითარი.

რაც შეეხება კომპიუტერულ გამოცდებს, მათზე რეგისტრაცია მოგვიანებით, 6 მაისიდან დაიწყება და 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
მსურველები შეძლებენ კემბრიჯის შემდეგ კომპიუტერულ გამოცდებზე დარეგისტრირებას:
  • CB PET ;
  • CB FCE;
  • CB CA.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

წაიკითხეთ სრულად