Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, ძალიან მალე დავიწყოთ იმ პრობლემების გადალახვაზე საუბარი, რომელიც არის თითოეულ სკოლაში, თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ კლასში“ - მიხეილ ბატიაშვილი

„გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, ძალიან მალე დავიწყოთ იმ პრობლემების გადალახვაზე საუბარი, რომელიც არის თითოეულ სკოლაში, თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ კლასში“ - მიხეილ ბატიაშვილი

ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, ძალიან მალე დავიწყოთ ყველა იმ პრობლემის გადალახვაზე საუბარი, რომელიც არის თითოეულ სკოლაში, თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ კლასში, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სემინარზე „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა პროექტის - „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში განათლების მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარებს. მისი თქმით, რაც შეიძლება მეტი მასწავლებელი უნდა იყოს ჩართული საქმეში, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღზრდას ევროპული არჩევანის მიმართულებით.

„საქართველოში რაც შეიძლება მეტი პედაგოგი უნდა იყოს ჩართული იმ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში, რაც არის ჩვენი შვილების აღზრდა იმ მომავლისკენ, რომელიც არის ჩვენი ევროპული არჩევანი.

ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა და რომელიც ხორციელდება. მიმდინარეობს მუშაობა და ყველა მიმართულებით უკვე გვაქვს წარმატებები.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცე ფაქტიურად ევროპული სივრცის ნაწილი გახდა, რაც ნიშნავს ჩვენი დიპლომების აღიარებას, ჩვენი მომავალი თაობის, ჩვენი შვილების იმ დიპლომების აღიარებას, რომლებიც ისწავლიან საქართველოში, მიიღებენ მაღალი ხარისხის ევროპულ განათლებას და რაც მთავარია, მათი დიპლომები იქნება აღიარებული და ცნობილი ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც განხორციელდება ძალიან მალე და შეეხება ერთ-ერთ უმთავრესს პრობლემას, როგორიც არის სკოლის ინფრასტრუქტურების განახლება. ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია პედაგოგების პირობების გაუმჯობესება. უკვე კარგად იცით, რომ 2022 წლისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედი განათლების მიმართულებით დაიხარჯება. ვფიქრობ, გარდამტეხი იქნება საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის, მართლაც რომ მივაღწიოთ განათლების ევროპულ დონეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, ძალიან მალე დავიწყოთ სწორედ ყველა იმ პრობლემის გადალახვაზე საუბარი, რომელიც არის თითოეულ სკოლაში, თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ კლასში”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად