Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

​ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე ვაჟა-ფშაველას ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა - ვიდეო

​ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე ვაჟა-ფშაველას ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა - ვიდეო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ვაჟა-ფშაველას წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა.

„მინდა, გავიხსენო, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი ვაჟა-ფშაველა: „ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია,“ - ამბობდა ვაჟა. 

„ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნადვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი,“ - აღნიშნა ტუსკმა.

მისივე განცხადებით, ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, ის უფრო გაზარდოს და განავითაროს. როგორც ტუსკმა აღნიშნა, ვაჟა-ფშაველას ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს თავისთავად მოწმობს გლობალიზაციას.

წაიკითხეთ სრულად