Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზღაპრებზე რატომ გადავდივართ?!“ - გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს დაუპირისპირდა

„ზღაპრებზე რატომ გადავდივართ?!“ - გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს დაუპირისპირდა

პროფესორმა გიორგი ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში გიორგი ღოღობერიძის ვიდეო გააზიარა, რომელშიც ექიმი ომიკრონის შტამის დამახასიათებელ თვისებებზე საუბრობს და ახალ ვარიანტთან დაკავშირებით დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს. გიორგი ფხაკაძემ გიორგი ღოღობერიძე ვიდეოში გავრცელებული ინფორმაციის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არის მცდარი:

„არაერთმა ადამიანმა ჩამიგდო ეს ლინკი.

კოვიდი არის გაციება?! პოსტკოვიდი სად არის?

საინტერესოა, მაგრამ ზღაპრებზე რატომ გადავდივართ ?! მოკლედ, რა...

დღეს დაზუსტებით არაფერი ვიცით ამ ვირუსის ახალი შტამის შესახებ. დეტალური ინფორმაცია იქნება 2-3 კვირაში, ისიც ნაწილობრივ, ვაქცინების კუთხით.

გაზიარებული ინფორმაცია არის “misleading”(მცდარი).

იქნებ კლინიკურ საკითხებს მივხედოთ და საზოგადოებრივ ჯანდაცვას ამ ეტაპზე თავი ავარიდოთ.

ყველას გვაქვს ჩვენს (სამედიცინო) სფეროში ლიცენზიები და მივყვეთ ჩვენს დარგს…

ყველა ახალგაზრდა კოლეგის აქტიურობას მივესალმები, მაგრამ სჯობს, ჯერ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

ექიმი საუბრობდე პანდემიაზე და არ ახსენო ვაქცინაცია?! ეს, უბრალოდ, ეთიკის საკითხია. სამედიცინო ეთიკა და დაუწერელი სამედიცინო კოდექსი არასდროს არ უნდა დავარღვიოთ.

რეზიდენტებს ბევრი ეპატიებათ, ფაქტობრივად, სტუდენტები არიან, მაგრამ როცა ექიმის ლიცენზიას აიღებ, ეს უკვე პასუხისმგებლობაა. დიდი იმედგაცრუებაა, რაც ახლა ვნახე … იმედია, ვცდები…

P.S.: ახლა დამესევიან ფანკლუბის წევრები …“ -აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ. 

წაიკითხეთ სრულად