Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

მრგვალი მაგიდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

მრგვალი მაგიდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციისათვის პრიორიტეტული მნიშველობისაა ადგილობრივ დონეზე უწყებათაშორისი კომისიების ფუნქციონირება. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ძალისხმევით 2009 წლიდან დაიწყო დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ჩოხატაური, ტყიბული, ქობულეთი, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე რეფერირების სუბიექტების საკოორდინაციო შეხვედრები. სულ ახლახანს მორიგი შინაარსის შეხვედრა გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებითა და ფონდ „სოხუმთან“ პარტნიორობით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში სახელისუფლებო სტრუქტურებსა და სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენელთა მონაწილეობით, თემაზე: „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა, სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება“.

„ეს არის თანამშრომლობის ძალიან კარგი მოდელი, რომელიც აჩვენებს უწყებათაშორისი კომისიების ინსტიტუციონალიზაციისა და საკანონმდებლო დარეგულირების საჭროებას“, განაცხადა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - თეა გოლეთიანმა.

ქალთა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიის მუნიციპალურ დონეზე შექმნის საჭიროებასთან დაკავშირებულ მიგნებებსა და რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ 2020 წელს განხორციელებულ მონიტორინგის ანგარიშში - „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თვითმმართველობების როლი და პრაქტიკა“ შემდეგ ბმულზე: http://www.fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/1760-2021-01-31-16-59-06

R.

წაიკითხეთ სრულად