Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლობის მაძიებელთა შესახებ ბრძანებაში ცვლილებაა

მასწავლებლობის მაძიებელთა შესახებ ბრძანებაში ცვლილებაა

„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. 

​შესაბამისი დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს.

ცვლილების თანახმად, ბრძანებას დაემატა შემდეგი პუნქტები:
„მასწავლებლობის მაძიებელი, მასწავლებლობის მაძიებლობის მოკლევადიან (ინტენსიურ) პროგრამაზე რეგისტრაციის შემდეგ, ამ პროგრამაზე რეგისტრაციიდან არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში, პირადი განცხადების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული იგივე შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს (გადავიდეს) მასწავლებლობის მაძიებლობის გრძელვადიან პროგრამაზე.


მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის გრძელვადიან პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, მასწავლებლობის მაძიებელი თავისუფლდება იმ აქტივობებისაგან, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის მოკლევადიანი (ინტენსიური) პროგრამის ფარგლებში დადებითად არის შეფასებული.“

​იხილეთ ​ბრძანება

წაიკითხეთ სრულად