Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ორსულების გარდაცვალების გახშირებულ შემთხვევებს გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ორსულების გარდაცვალების გახშირებულ შემთხვევებს გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსით ორსულების გარდაცვალების გახშირებულ შემთხვევებს გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს.

„თითოეული პაციენტის მძიმე გამოსავალი არის არა მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, არამედ მთელი ქვეყნის. რა თქმა უნდა, ჩვენ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ ის კონკრეტული დასკვნები, რაც არის გარკვეული მიზეზი, რის გამოც გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულებში. თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ რიგ შემთხვევაში არის დაგვიანებული სტაციონარიზაცია.

მაგალითად, გუშინ სამეგრელოს რეგიონიდან ერთ-ერთი ორსულის საავადმყოფოში გადმოყვანა იქნა საჭირო, თუმცა ამ ორსულს 112-ზე არ ჰქონდა დარეკილი, სამაგიეროდ, პოსტი ედო „ფეისბუქზე“. კარგია, რომ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აკვირდება ყველა იმ ჯგუფს, რომელიც აქტიურია „ფეისბუქზე“. ჩვენ აქედან დამატებით ინფორმაციას ვიღებთ. იმ პაციენტებთან მიმართებით, რომლებიც სამწუხაროდ, არ მიმართავენ არც ექიმს და არც 112-ს, მაგრამ არჩევენ სოციალური მედიით კომუნიკაციას, ვცდილობთ, რომ ამ კუთხითაც სამინისტრო და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება იყოს ყურადღებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხეთ სრულად