Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა დაგვანახა, როგორ შეიძლება, გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის საშუალება

ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა დაგვანახა, როგორ შეიძლება, გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის საშუალება

„ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა აბსოლუტურად სწრაფად გვანახა, როგორ შეიძლება, გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგემის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ნათელი მაგალითია იმ დევიზისა, რომელსაც ყველა უნდა გავყვეთ - კრიზისი, როგორც შესაძლებლობა.

„ეს უნდა გავაგრძელოთ ყველგან: ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში, ჩვენი ეკონომიკური, სოციალური, ალბათ, პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროშიც. ამიტომ, რადგან ვამბობთ, რომ კრიზისი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად ეფექტურად ნელ-ნელა უნდა ავამუშავოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად