Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

გველმა კვერცხები ბავშვების საძინებელში დადო - ზუგდიდში​ სოციალურად დაუცველი დედა დახმარებას ითხოვს

გველმა კვერცხები ბავშვების საძინებელში დადო - ზუგდიდში​ სოციალურად დაუცველი დედა დახმარებას ითხოვს

​ზუგდიდში, სოფელ კახათში, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახის საცხოვრებელ სახლში გველმა კვერცხები დადო. მრავალშვილიანო დედის ლუდმილა ასლანდიას თქმით, ბავშვებმა ქვეწარმავლის კვერცხები ბუხარში იპოვეს.

,,ერთი კვირის წინ შეამჩნიეს ბავშვებმა, ხვრელში შეძვრა, საკმაოდ გრძელი კუდი ჰქონდაო. დამირეკეს, ტიროდნენ გვეშინიაო, მეც ვინერვიულე. რომ მივედი ვერაფერი ვნახე. მეზობელი თოფით მოსულა და დარაჯობდა. ამის მერე ბუხარს ყოველდღე ვამოწმებდი. გუშინ კი 17 ცალი კვერცხი დაუდია და ისევ ბავშვებმა იპოვეს. სადაც ვწევართ იმ ოთახში დადო კვერცხები. სახლს ბევრი ხვრელი აქვს და არ ვიცი რომელი ერთი ამოვავსო ნაჭრით. ღამეებს ათევენ მეზობლები, დარაჯობენ, კვერცხები გარეთ გაიტანეს, შესაძლოა მოაკითხოსო. ცუდ მდგომარეობაში ვართ, წლებია ბინას ველოდებით, თუმცა დღემდე ვერ მივიღეთ. ბავშვები ვერ იძინებენ, შეშინებულები არიან," - აღნიშნა მან.

ოთხი შვილის დედა დახმარებას და ბავშვებისთვის უსაფრთხო თავშესაფარს ითხოვს.

წყარო: რადიო ​,,ათინათი"

წაიკითხეთ სრულად