Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ''

,,მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ''

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მადლობას უხდის ყველას და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

,,მადლობა ყველას!...

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მირეკავს და შეტყობინებებს მიგზავნის-აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ-ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით...

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას - მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას...

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-ანა თოფურიაც სახლშია და ჩემს გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდ ინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით-37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით.

ვინაიდან ინტერესი დიდია ჩემი ჯანმრთელობის მიმართ-პერიოდულად აქ დავწერ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ...

იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები,'' - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე. 


წაიკითხეთ სრულად