Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

შესაძლებელია თუ არა კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ თავიდან დაინფიცირება

შესაძლებელია თუ არა კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ თავიდან დაინფიცირება

შესაძლებელია თუ არა კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ თავიდან დაინფიცირება, - ამ თემაზე საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი​ სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს:

„სავსებით ბუნებრივია, რომ ყველას აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ თავიდან დაინფიცირება. საკითხში გასარკვევად ცოტაოდენი ციფრები გავიხსენოთ.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ 19-ის 66 698 498 შემთხვევაა დაფიქსირებული და რეინფიცირების მხოლოდ 15 დადასტურებული შემთხვევაა. ანუ 0.000000224892621%, რაც სტატისტიკურად უკიდურესად უმნიშვნელო მაჩვენებლად ითვლება და შეიძლება უბრალოდ დავივიწყოთ. შედარებისათვის, საფრანგეთის ანესთეზიოლოგთა საზოგადოების მონაცემებით, ზოგადი ნარკოზის დროს საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი შვიდია მილიონზე... პაციენტებს აცნობენ ამ ციფრს და არ მახსოვს, ჯერ ვინმეს ამის გამო ნარკოზზე უარი ეთქვას.
კოვიდს რაც შეეხება, ძალიან ცოტა სანდო მონაცემია თავად უიშვიათესი ფენომენის გამო. ​ბოლო პუბლიკაცია ამ საკითხზე 19 ნოემბრით თარიღდება.
ეს კვლევა ეხება ოქსფორდის საუნივერსტეტო საავადმყოფოს თანამშრომლებს, რომლებსაც სისხლის ანალიზი ჩაუტარდათ და იმუნოლოგიური სტატუსი იქნა შესწავლილი 27 მარტიდან დაწყებული 6 თვის განმავლობაში. 1246 თანამშრომელს SARS Cov-2-ის მიმართ ანტისხეულები დაუდგინდა. ეს გადატანილი დაავადების შესახებ მიუთითებდა. დეტალებში რომ არ შევიდეთ, 6 თვის თავზეც ორგანიზმის იმუნური რეაქცია შენარჩუნებული აღმოჩნდა და 6 თვის შემდგომ, არც ერთს არ აღენიშნა ახალი ინფექცია (რეინფექცია), მხოლოდ სამს დაუდგინდა კოვიდ-19-ის დადებითი PCR ტესტი ყოველგვარი სიმპტომების გარეშე.

​ეს კვლევა ასკვნის:
კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი შენარჩუნებულია. ამავე პერიოდის განმავლობაში კლინიკურად გამოხატულ რეინფიცირებას ადგილი არ აქვს.
მდგრად იმუნიტეტზეა ასევე საუბარი საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესი ორგანოს (HAS) ​ტექსტში, რომელიც 25 ნოემბრით თარიღდება.
​„THE LANCET“-ში მოყვანილია 4 შემთხვევა რეინფიცირებისა.
ზუსტი ახსნა ამ ფენომენისა არ არსებობს, ამასთან არცერთ პაციენტს რაიმე იმუნური დეფიციტი არ აღენიშნებოდა.

​რაც შეეხება აცრის საჭიროებას ინფექციის გადატანის შემდგომ, ამის შესახებ ჯერჯერობით არანაირი სამეცნიერო მონაცემი არ არსებობს და ცალსახად პასუხის გაცემა შეუძლებელია.

​რაც მთვარია, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, კოვიდ-19 ის გადატანის შემდგომ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ნარჩუნდება მდგრადი იმუნიტეტი და თავიდან დაინფიცირების რისკი პრაქტიკულად 0-ის ტოლია,“ - წერს ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი.

წაიკითხეთ სრულად