Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვითვლით ინფიცირებულთა კი არა, ვირუსმატარებელთა რიცხვს და ვაპანიკებთ ადამიანებს, დავიღუპებითო“ - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

„ვითვლით ინფიცირებულთა კი არა, ვირუსმატარებელთა რიცხვს და ვაპანიკებთ ადამიანებს, დავიღუპებითო“ - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი კორონავირუსთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს:

„​დონალდ ტრამპს 5 წელი ვეძახეთ, ვაგინეთ, დავცინეთ, რომ ფაქტებს არაფრად აგდებს და საკუთარ ფაქტებს პროდუცირებსო, ამას ფეიკნიუსი დავარქვით.

ახლა რა დავარქვა მაგალითად მსოფლიოს კი არა, გერმანიის ნოსტრადამისეულ და დამპანიკებელ კორონას ინფო ბრძოლას და პროპაგანდას?

​​სტატისტიკური მონაცემები ყოველდღე აქტუალური. ვითვლით ინფიცირებულთა კი არა, ვირუსმატარებელთა რიცხვს და ვაპანიკებთ ადამიანებს, დავიღუპებითო.
​დეკემბერში, როცა ახალვირუსმატარებელთა ყოველდღიური რიცხვი 20 ათასზე მეტი იყო გერმანიაში, ყოველღიური სიკვდილიანობა იყო ათასზე მეტი, ანუ საერთო ბუნებრივი სიკვდილიანობის დაახლოებით 30%. დღეს, როცა ახლადვირუსმატარებელთა იგივე და უფრო მეტი რიცხვია, სიკვდილიანობის მაჩვენებელია 5-ჯერ ნაკლები. კორონათი სიკვდილიანობა 6-ჯერ შემცირდა და შეადგენს ბუნებრივი სიკვდილიანობის 5%-საც კი არა.

​ინფექციური დაავადებები ბუნებრივი სიკვდილიანობის დიდი წილით გამოირჩევა ყოველთვის. ასაკი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და ინფექცია გახლავთ უდიდესი რისკი, ყოველთვის ასე იყო და ასე დარჩება. ამას თან ისიც ემატება, რომ კორონაგადატანილი უკვე 140 მილიონზე მეტი ადამიანიდან მეორედ კორონათი ინფიცირების 30-მდე ფაქტია მთელს მსოფლიოში დაფიქსირებული. ანუ, კორონაგადატანილი საუკეთესო დაცვითაც გამოირჩევა და სხვისთვის ყველაზე უსაფრთხოა. ამ ფაქტის სრულ უგულებელყოფას რა დავარქვა, ესეც არ ვიცი. კორონაგადატანილები აცრილთა დადებით სტატისტიკაშიც კი არ მოიხსენიება, გარდა შვედეთისა. შვედები უსაფრთხო პიროვნების პირველ საფეხურზე კორონაგადატანილს და მერე კი სრულად აცრილს ასახელებენ. კორონაგადატანილი, განსხვავებით აცრილისაგან, ვირუსის არც მატატრებელია უკვე მეთოთხმეტე თვეა და ამიტომ არც არავის არ გადასდებს. ამ ფაქტს უნდა უგულვებელვყოფდეთ თუ პირიქით? ვამბობდეთ მაინც!!!

​არალოქდაუნის შვედების 146 ათასი კორონიანიდან აქტუალურად 391 ადამიანია ინტენსიურ განყოფილებაში.

​​გავჩუმდებოდი და მეც ვიძახებდი, ამოიკეტეთ სახლებში, იზოლაციაში წადით, გარეთ და ტყეშიც პირბადეები ატარეთ და ერთმანეთს ათ მეტრზე ახლოს ნუ მიეკარებით-მეთქი, მაგრამ ფაქტებს რა ვუქნათ?
​ფაქტია ისიც, რომ რეგულარული 28 000 ინტენსიურის საწოლიდან გერმანიაში კორონათი ინფიცირებული 4 900 პაციენტია და მართვით სუნთქვაზე აყვანილი - 2 700 (ამ ორშაბათიდან უკვე არაინვაზიურ დახმარებით სუნთქვასაც „ინტუბირებულად“ აღრიცხავენ).
​რას იზამ, ვინც ითვლის, ითვლის ისე, როგორც სურს და მაინც ფაქტი რჩება ფაქტად.
​გერმანიის სტატისტიკურ ბუნდესამტს პატარა ცუღლუტი კი შეუძლია, მაგრამ გაყალბებით ვერაფერს გააყალბებს,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.

წაიკითხეთ სრულად