Baby Bag

როგორ ვისწავლოთ უცხო ენა ციფრული პროდუქტების დახმარებით?

როგორ ვისწავლოთ უცხო ენა ციფრული პროდუქტების დახმარებით?

თუ თქვენ მთელი ცხოვრება ახალი ენის შესწავლა გსურდათ, თუმცა სხვადასხვა გარემოების გამო ამას ვერ ახერხებდით, მაშინ ახლა საუკეთესო დროა სურვილის მარტივად ასასრულებლად. დღევანდელი ციფრული ეკოსისტემა მსგავსს გამოწვევებსაც ეფექტურად პასუხობს. ახალი ენის შესასწავლად უკვე აღარ არის საჭირო კურსებზე სიარული თუ ლექტორებთან წლების, ენერგიისა და ფინანსების დახარჯვა. დღეს ერთ კონკრეტულ პლატფორმაზე ​Bussu-ზე მოგიყვებით - აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც უფრო და უფრო ტრენდული ხდება. მისი დახმარებით უამრავი ჩვენი თანამოქალაქე უკვე ჩაერთო სხვადასხვა უცხო ენის შესწავლის ეფექტური სწავლების მოდელში და მიღებული შედეგები მუდმივ პროგრესიას განიცდის. აღნიშნულ სტატიაში აგიხსნით თუ როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ Busuu-ს პლატფორმით, საქართველოში ექსკლუზიურად - განახევრებული ფასით და შეისწავლოთ სასურველი ენა მარტივად, დროულად და მინიმალური დანახარჯებით.


რა არის Busuu?
Busuu ენის შემსწავლელი პლატფორმაა, რომელიც სასაუბრო უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
Busuu-ს მსოფლიოს მასშტაბით უკვე 100 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს სასურველი ენის შესასწავლად. მისი დახმარებით 12 ენის შესწავლაა შესაძლებელი (ინგლისური, ესპანური, იტალიური, გერმანული, ფრანგული, ჩინური, იაპონური, პორტუგალიური, პოლონური, რუსული, თურქული და არაბული). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც აღნიშნულ აპლიკაციას სხვებისგან გამოარჩევს პერსონალიზებული სასწავლო გეგმაა - დასაწყისში იგი უბრალოდ გეკითხებათ, რა სიხშირით და რამდენი ხნის განმავლობაში გსურთ სწავლის გაგრძელება, რის შედეგადაც მიიღებთ გეგმას, რომლის ფარგლებშიც დასახული მიზნების შესრულება შეგიძლიათ.
პლატფორმას Offline ვერსიის მხარდაჭერაც აქვს, ასე რომ, არ არის აუცილებელი ინტერნეტთან წვდომა, შეგიძლიათ წინასწარ გადმოიწეროთ შესაბამისი გაკვეთილები და თავისუფლად დაიწყოთ მეცადინეობა ნებისმიერ დროსა და ადგილას.
რა უპირატესობები აქვს და როგორ მუშაობს Busuu?

Busuu-ს გაკვეთლები ფარავენ კითხვის, წერის, საუბრის და მართლწერის მიმართულებებს.
თავდაპირველად თქვენ ირჩევთ ენის სწავლის დონეს, შემდეგ კი სურვილისამებრ შეგიძლიათ ისწავლოთ კონკრეტული მიმართულებები, როგორებიცაა: უცხო ენა ბიზნეს საქმიანობისთვის, მოგზაურობისთვის ან კულტურის გასაცნობად. შექმენით თქვენთვის რელევანტური სასწავლო გეგმა - აირჩიეთ გრამატიკული გაკვეთილები თქვენი სასწალო მიზნების შესაბამიად. ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ კონტენტი, რომლითაც ენას ეუფლებით, თქვენს ცხოვრებაზე უნდა იყოს მორგებული და ისეთი ფრაზებისგან შედგებოდეს, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობების დროს იყენებთ. Busuu-ს ამ მხრივ საკმაოდ დეტალური მიმართულებების შემოთავაზება შეუძლია („როგორ ვესაუბროთ კოლეგებს“ „პროექტის მართვა“ და ა.შ.). ამასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ ისე დააპროგრამოთ აპლიკაცია, რომ კონკრეტულ დღეებსა და საათებზე შეგახსენოთ სასწავლო პროცესზე მიბრუნება.

გახდით ახალი, გლობალური კომუნის წევრი
Busuu-ს სხვა მსგავსი აპლიკაციებიდან მისი სოციალური ქსელის ფუნქციაც გამოარჩევს, რისი დახმარებითაც ახალი მეგობრების შეძენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეგეძლებათ. დაიმატეთ მეგობრებში ადამიანები, ვისთვისაც თქვენი სასწავლო ენა მშობლიურია, ისინი თქვენ მიერ შესრულებულ დავალებებზე უკუკავშირს გაგიზიარებენ, რაც მოტივაციის გაზრდაში ყველას ეხმარება და თავს გლობალური სამყაროს ნაწილად აგრძნობინებს.

​როგორ მივიღოთ Busuu-ს პრემიუმ პაკეტზე წვდომა ნახევარ ფასად?

საქართველოში Busuu-ს პარტნიორია ბილაინი. მხოლოდ ბილაინის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ Busuu-ს პრემიუმ პაკეტი, სრული ფუნქციონალი სამი თვის ვადით, სამჯერ ნაკლებ ფასად, მხოლოდ 30 ლარად (90 ლარის ნაცვლად) შეიძინონ. ამისთვის უნდა ეწვიოთ შესაბამის პლატფორმას, გაიაროთ ვერიფიკაცია მობილურის ნომრით და დააჭიროთ „ვაუჩერის კოდის მიღებას“. ამის შემდეგ თქვენი მობილურის ბალანსიდან ჩამოიჭრება სერვისის საფასური, თქვენი კი SMS შეტყობინების მეშვეობით მიიღებთ ვაუჩერის კოდს, რომელსაც Busuu-ს ვებსაიტზე რეგისტრაციის შემდეგ შეიყვანთ. ამ მარტივი პროცედურის შემდეგ თქვენ გაგიაქტიურდებათ პლატფორმის სამთვიანი პრემიუმ პაკეტი. სამი თვის ამოწურვის შემდეგ სწავლების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, თქვენ იმავე პროცესს გაიმეორებთ. აღსანიშნავია, რომ ვაუჩერის მიღების შესაძლებლობა ულიმიტოა, შესაბამისად ერთი ნომრიდან, სურვილის შემთხვევაში, საშუალება გექნებათ შეიძინოთ პრემიუმ პაკეტი თქვენი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის და ა.შ.

წარმატებულ სწავლების პროცესს გისურვებთ!
R.

შეიძლება დაინტერესდეთ

ახალი ტიპის საკლასო ოთახი: არანაირი ნიშნები, სტრესი და საგამოცდო მღელვარება!

ახალი ტიპის საკლასო ოთახი: არანაირი ნიშნები, სტრესი და საგამოცდო მღელვარება!
საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის ძალიან ცოტა აცნობიერებს საკუთარ მათემატიკურ უნარებს. ბრუკლინის არაერთ სკოლაში ნერგავენ ახალ სასწავლო პროგრამას, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაანალიზონ თავიანთი ცოდნა და უნარები. აღნიშნული პროგრამა საფუძვლიანად ცვლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების შეხედულებებს აკადემიური მიღწევებისა და ცოდნის დაუფლებისადმი. სასწავლო დაწესებულებებეში პედაგოგები ცოდნას ქულებით არ აფასებენ. პროექტში მონაწილე მოსწავლეები მთელ ძალისხმევას საკუთარი უნარების განვითარებასა და ცოდნის შეძენაზე ხარჯავენ. მათ მეცნიერული ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ნაშრომის ძირითადი თემის გამოკვეთა და სხვა მსგავსი დავალებების შესრულება ევალებათ. როდესაც ერთ დავალებას წარმატებით დაძლევენ, ისინი მეორე საკითხის შესწავლას იწყებენ. მოსწავლეების ცოდნა ქულებით არ ფასდება. მთავარია, მათ მასალა სრულფასოვნად აითვისონ.
დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად საკმაოდ დიდი დრო ეძლევათ. ისეთ მოსწავლეებს კი, რომლებიც მასალას მარტივად ითვისებენ, საკმაოდ მოკლე დროში შეუძლიათ ახალი მასალის შესწავლაზე გადასვლა. თითოეული მოსწავლე ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე მუშაობს. მათ ონლაინ გაკვეთილები, ჯგუფური დისკუსიები და ლექციები უტარდებათ. პედაგოგები თითოეულ ბავშვთან იმ უნარების გაუმჯობესებაზე მუშაობენ, რომელიც შედარებით ნაკლებად აქვთ განვითარებული.
საგნის სრულფასოვან ფლობაზე, კომპეტენციასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება ამერიკის შეერთებულ შტატებში სწრაფი ტემპით ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვერმონტისა და მენის შტატების კანონმდებლობა უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ სკოლები სწავლების აღნიშნულ სისტემაში აქტიურად ჩაერთონ. ნიუ-ჰემფშირშიც ცდილობენ ინოვაციური მეთოდების პილოტირებას. ილინოისის ათ სკოლაში აღნიშნული პროგრამა უკვე მოქმედებს. ტრადიციული შეფასების სქემებისა და სისტემების ცვლილებებს აიდაჰოშიც მიესალმებიან.
ნიუ-იორკის 40 სკოლა და 1,1 მილიონი მოსწავლე აღნიშნულ პროგრამაში აქტიურად არის ჩართული. სკოლებმა პროგრამაში ჩართვის სურვილი თავად გამოთქვეს. პორტლენდში პროგრამის ამოქმედებას მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მსგავსი მიდგომა დროის სერიოზულ დანაკარგს იწვევს და არაეფექტიანია. მიუხედავად ამისა, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პროგრამაში ჩართვის სურვილი მაინც გამოთქვეს. ზოგიერთი მასწავლებელი და მშობელი მიიჩნევს, რომ მასალის სრულფასოვნად ასათვისებლად მოსწავლისთვის ულიმიტო დროის მიცემა არარეალურია და დადებით შედეგს ვერ გამოიღებს.
ნიუ-იორკის საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლებმა შეფასებისა და სწავლების ახალი მეთოდი დადებითად შეფასეს. მათ საგნის სრულფასოვნად დაუფლებისთვის კოლაბორაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სკოლები, რომლებიც ყურადღებას მასალის სრულფასოვნად დაუფლებაზე ამახვილებენ, საკუთარ გამოცდილებას სხვა სასწავლო დაწესებულებებს უზიარებენ. შესაძლოა, მიდგომები და მეთოდები თითოეულ სკოლას განსხვავებული ჰქონდეს, მაგრამ მათ საერთო მიზნები აერთიანებთ. ნიუ-იორკში რვა სკოლა ლაბორატორიის ფუნქციას ასრულებს. აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი მეთოდები ინერგება, მოწმდება და წარმატების შემთხვევაში სხვა სკოლებშიც ვრცელდება. ინოვაციური მიდგომები განსაკუთრებით იმ სკოლებს ხიბლავთ, რომლებიც მაღალი რეიტინგითა და სერიოზული მიღწევებით არ გამოირჩევიან. თუმცა, დროთა განმავლობაში უახლესი მეთოდებით და პროგრამებით წარმატებული სკოლებიც იხიბლებიან.
უახლოეს მომავალში პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლებში სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და ექსკურსიების მოწყობა იგეგმება, რათა ის საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახალი მეთოდებისადმი კრიტიკულად არიან განწყობილნი, მათ ეფექტიანობაში დარწმუნდნენ. კოლაბორაციული სწავლების მზარდი პოპულარობა ონლაინ სწავლების ფართოდ გავრცელებამ და სკოლაში ტექნოლოგიების აქტიურმა გამოყენებამაც განაპირობა. კომპიუტერები საკლასო ოთახის განუყოფელ ნაწილად იქცა.
მასალის სრულფასოვნად დაუფლებაზე ორიენტირებული სწავლება ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ბენჯამინ ბლუმმა სტანდარტული სალექციო პრაქტიკის შეცვლა დაისახა მიზნად. ის ჰოლისტურ მეთოდებსა და მიდგომებს ეძებდა, რომელთა დახმარებით სტუდენტებს სწავლების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად განვლილი მასალის სრულფასოვანი ცოდნა უნდა ეჩვენებინათ. ინტენსიური ძალისხმევის საჭიროების გამო სხვა პროფესორებში ახალმა მიდგომამ პოპულარობა ვერ მოიპოვა. თანამედროვე სამყაროში კი ცოდნის ხარისხის შემოწმება ძალიან გამარტივდა. ონლაინ სწავლება და სპეციალიზირებული სავარჯიშოების სიუხვე ინოვაციური მეთოდების დანერგვას საკმაოდ ამარტივებს.
კოლაბორაციული, მასალის სრულფასოვნად დაუფლებაზე ორიენტირებული სწავლების მომხრეები თვლიან, რომ მსგავსი მიდგომა მოსწავლეებს ორგანიზაციის მეტ საშუალებას აძლევს, განურჩევლად მათი აკადემიური მოსწრებისა. ახალი მეთოდი ყურადღებას ინდივიდზე ამახვილებს და მის განვითარებაზეა ორიენტირებული.
სკოლების დიდი ნაწილი პროგრამაში იმ მიზნით ჩაერთო, რომ გულგატეხილი და რისკის ქვეშ მყოფი მოსწავლეები დაღუპვისგან ეხსნა. ახალი მეთოდის მომხრეებს სურთ მტკიცედ ჩამოყალიბებული ხედვები სამუდამოდ შეცვალონ. მოსწავლემ არ უნდა თქვას: „მე ძალიან ცუდი ვარ ამ საგანში,“ ამის ნაცვლად ის უნდა ამბობდეს: „მე განვითარების გარკვეულ საფეხურზე ვდგავარ.“
რა თქმა უნდა, ახალ პროგრამას ჰყავს კრიტიკოსებიც. მათი აზრით, უახლესი მიდგომების დანერგვის უმთავრეს მიზანს საგანმანათლებლო ხარჯების შემცირება წარმოადგენს. ისინი თვლიან, რომ მასალის სრულფასოვნად დაუფლების მეთოდი საბოლოოდ დიდ საკლასო ოთახებამდე და კომპიუტერულ სწავლებამდე მიგვიყვანს. მასწავლებელთა რიცხვი კი კატასტროფულად შემცირდება. კრიტიკოსების ნაწილი კი თვლის, რომ აღნიშნული პროგრამა ინტელექტუალებს ვერ აღზრდის. მათი თქმით, შესაძლოა, ახალი მეთოდი მათემატიკური უნარების განვითარებისთვის ეფექტური იყოს, თუმცა ჰუმანიტარული ცოდნის დაუფლებისთვის ის არაეფექტურია.
კრიტიკოსები თვლიან, რომ ახალი მეთოდი ქმედითი არ არის. მსგავსი ტიპის სწავლება მოსწავლეებს ხანგრძლივი დროის მანძილზე ცოდნის დაგროვებაში ეხმარება, თუმცა ისინი ათვისებულ მასალას მალევე ივიწყებენ. როგორც კი ბავშვს საშუალება ეძლევა, რომ სწავლების შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლოს, ის ყველაფერს ივიწყებს, რაც იცოდა. მათი თქმით, ახალი ხედვებით შეპყრობილ ადამიანებს არ ესმით ის ფუნდამენტი, რომელსაც განათლების სისტემა ემყარება.
კრიტიკა არც ტრადიციულ განათლების სისტემას აკლია. მოსწავლეები სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ხშირად მზად არ არიან. ქულებით შეფასება და სწავლების ტრადიციული მეთოდები მათ სათანადო განათლების მიღებაში ვერ ეხმარება. გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების მოსწავლეებს შორის უნივერსიტეტში მოსახვედრად საჭირო ინგლისური ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება მხოლოდ 61-მა პროცენტმა შეძლო, ხოლო მათემატიკის - 41-მა პროცენტმა.
მასალის სრულფასოვანი დაუფლების სისტემაზე გადასვლა საკმაოდ პრობლემატურია და სერიოზულ კოორდინაციას მოითხოვს. მსგავსი ცვლილებების განხორციელება ერთ ღამეში ვერ მოხერხდება. სკოლები, რომლებიც ახალი პროგრამის დანერგვას ესწრაფვიან, თანამშრომლებს ხშირად კარგავენ, რადგან მათი უდიდესი ნაწილი ექსპერიმენტების მომხრე არ არის. ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლა ახალი მეთოდის დანერგვის გამო 7-მა პედაგოგმა დატოვა. აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებით ეფექტიანი აღმოჩნა იმ სკოლებში, სადაც იმიგრანტები სწავლობენ. ისინი ექსპერიმენტული მეთოდის დახმარებით წერის, კითხვისა და საუბრის უნარ-ჩვევებს მარტივად ივითარებენ. ქიმიის გაკვეთილებზე ლაბორატორიული მუშაობა მოსწავლის ცოდნის დონის მიხედვით მიმდინარეობს. მასწავლებელი ითვალისწინებს, თუ რომელი ცნებებია ნაცნობი ან უცხო ამა თუ იმ მოსწავლისთვის.
ახალი მიდგომა კრიტიკული აზროვნების განვითარებასაც უწყობს ხელს. ის მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაშიც ეხმარება. იმისთვის, რომ მოსწავლე ჯგუფური მუშაობის უნარებს ფლობდეს, მას კოლაბორაციისა და კვლევის დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ინდივიდუალური მიღწევების შესაფასებლად კი პატარა მეცნიერებს პედაგოგების ინოვაციური ხედვებით გაკვირვება მოეთხოვებათ.
ნიუ-იორკის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ახალი მეთოდის დანერგვამდე მოსწავლეთა მხოლოდ 5% აკმაყოფილებდა მათემატიკის ცოდნის სახელმწიფო სტანდარტებს, სრულფასოვნად კითხვა კი მხოლოდ 7%-ს შეეძლო. ახალი პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი მათემატიკის მცოდნეთა რიცხვი 26%-მდე გაიზარდა, ხოლო კითხვის სრულფასოვნად დაუფლება მოსწავლეთა 29%-მა შეძლო. მიმდინარე წელს ყველა მერვე კლასელმა ალგებრის გამოცდა წარმატებით ჩააბარა. სისტემის ამუშავებისთვის სკოლები შტატის კურიკულუმის დირექტივებსა და საგანმანათლებლო სტანდარტებს ემყარებოდნენ, რათა მოსწავლეთა ის უნარები გამოეკვეთათ, რომლებიც მათ სწავლების მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად აუცილებლად უნდა განევითარებინათ.
მეექვსე კლასის მოსწავლეებს მათემატიკური უნარების განვითარებისთვის შეკრებისა და გამოკლების, გამრავლებისა და გაყოფის სრულფასოვნად დაუფლება დაევალათ, ხოლო ინგლისური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მათ ტექსტის მთავარი სათქმელისა და იდეის ამოცნობა უნდა მოეხერხებინათ. მოსწავლეები ქულების ნაცვლად ფერებით ფასდებიან. წითელი ფერი ნიშნავს, რომ მოსწავლე მიზნისგან შორს არის, ყვითელი გულისხმობს, რომ ის მიზანს უახლოვდება, მწვანე მიზნის მიღწევას აღნიშნავს, ლურჯი კი იმაზე მიანიშნებს, რომ მოსწავლემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ახალი მეთოდის მხარდამჭერები თვლიან, რომ მსგავსი მიდგომა მოსწავლეს სწავლის შემოქმედებით პროცესად აღქმაში დაეხმარება. თითოეული უნარის სრულფასოვნად გასავითარებლად, მოსწავლემ 3-ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ ის აღნიშნულ უნარს ფლობს. ისინი მასწავლებლის წინაშე გარკვეულ პრობლემას გადაჭრიან, რათა მას აჩვენონ, რომ მასალა აითვისეს და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარი აქვთ, შემდეგ კი ონლაინ ტესტს და ქვიზსაც წერენ.
მოსწავლეთა შეფასება წლის ბოლოს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგი აჩვენეს მათ საერთო ჯამში. თუ რომელიმე მოსწავლემ ესა თუ ის უნარი მოგვიანებით აითვისა და პროგრამის ჩარჩოებში ვერ ჩაჯდა, ის მაინც დადებითად ფასდება. მთავარი მასალის დაუფლებაა და არა დაუფლების დრო.

​ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეთა მესამედს მასალის ათვისების პრობლემა ჰქონდა. სპეციალური მასწავლებლისა და საგნის პედაგოგის ერთობლივი მუშაობის მიუხედავად, აღნიშნულ მოსწავლეებთან წარმატების მიღწევა ვერ ხერხდებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა სკოლაში სასწრაფო ცვლილებების დანერგვის იდეა დაბადა. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია ერთად მსჯელობდნენ, რა უნდა მოემოქმედათ. საბოლოოდ მათ სკოლაში მასალის დაუფლებაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდიკის დანერგვა გადაწყვიტეს. მომდევნო წელს მოსწავლეებმა გარკვეული საგნების მენტორის დახმარებით შესწავლა დაიწყეს. მათ კომპიუტერში საკუთარი მონაცემები შეჰყავდათ. მოსწავლეები მიზნებს ისახავდნენ და შემდეგ მათ მიღწევას ცდილობდნენ. ისინი გაცილებით მეტი მონდომებით სწავლობდნენ და გაკვეთილებზე ნაკლებად ხმაურობდნენ.
ონლაინ სწავლება მოსწავლეთა მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდიდა. სკოლამ ალგებრის ცოდნის შეფასების სპეციალური ონლაინ პროგრამა შეიმუშავა, რომლის დახმარებით მოსწავლეს საკუთარი პროგრესის შემოწმება დღეში რამდენჯერმე შეუძლია. მშობლები ახალ წამოწყებას სკეპტიკურად შეხვდნენ, თუმცა მალევე დარწმუნდნენ, რომ მათი შვილების ცოდნის დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
„წაგება იმის მიმანიშნებელია, რომ შენ ცდილობ. შეცდომა წარმატების საწინდარია,“ - ეს სიტყვები ახალი პროგრამის მხარდამჭერთა ერთგვარ კრედოს წარმოადგენს. მათ უმთავრეს მიზანს მოსწავლეებში წარუმატებლობის შიშის დაძლევა წარმოადგენს. 
მომზადებულია ​nytimes.com-ის მიხედვით

​თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად