განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი თამარ ჯაყელი საგნების სწავლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავზობთ მის ჩანაწერს.
„ნაცნობები პირად ფოსტაზე მწერენ, რატომ აუქმებთ საგნების სწავლებასო! არ ვიცი, ეს ცრუ ინფორმაცია საიდან გავრცელდა. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - ახალი სკოლის მოდელი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი ყველა საგანს თავის კუთვნილი ადგილი უჭირავს და არავინ აპირებს მათ გაქრობას!!! შეგიძლიათ ნახოთ ეროვნული სასწავლო გეგმა და თავად დარწმუნდეთ ამაში - ყველა საგანი თავის ადგილზეა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ახალი სკოლის მოდელის პროექტს 24 მხარდაჭერი ჯგუფი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლენილი - თითოეულ ჯგუფში ყველა სავალდებულო საგნის სპეციალისტია წარმოდგენილი, რომლებიც ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით თითოეული საგნის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
დაბოლოს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ახალი სკოლის მოდელის ხედვით, განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზა საგანთა გაღრმავებული სწავლა-სწავლებაა და სწორედ საგანთა გაღრმავებული სწავლებისკენაა მიმართული ამ პროექტში გაერთიანებულ ადამიანთა ძალისხმევა,“ - წერს თამარ ჯაყელი.
2019 წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს
მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით,2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით!
„კერძოდ:
- უფროსი მასწავლებლებლები მიიღებენ 1011 ლარს;
- წამყვანი მასწავლებლები - 1435 ლარს;
- მენტორი მასწავლებლები - 1745 ლარს;
- ხოლო მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, კიდევ მეტს!
პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროცესშია შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებები,“ - აღნიშნულია განათლების სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.