განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი თამარ ჯაყელი საგნების სწავლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავზობთ მის ჩანაწერს.
„ნაცნობები პირად ფოსტაზე მწერენ, რატომ აუქმებთ საგნების სწავლებასო! არ ვიცი, ეს ცრუ ინფორმაცია საიდან გავრცელდა. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - ახალი სკოლის მოდელი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი ყველა საგანს თავის კუთვნილი ადგილი უჭირავს და არავინ აპირებს მათ გაქრობას!!! შეგიძლიათ ნახოთ ეროვნული სასწავლო გეგმა და თავად დარწმუნდეთ ამაში - ყველა საგანი თავის ადგილზეა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ახალი სკოლის მოდელის პროექტს 24 მხარდაჭერი ჯგუფი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლენილი - თითოეულ ჯგუფში ყველა სავალდებულო საგნის სპეციალისტია წარმოდგენილი, რომლებიც ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით თითოეული საგნის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
დაბოლოს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ახალი სკოლის მოდელის ხედვით, განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზა საგანთა გაღრმავებული სწავლა-სწავლებაა და სწორედ საგანთა გაღრმავებული სწავლებისკენაა მიმართული ამ პროექტში გაერთიანებულ ადამიანთა ძალისხმევა,“ - წერს თამარ ჯაყელი.
პედაგოგთა გამოცდების ჩატარების მიზნით 12 საჯარო სკოლაში დამატებით არდადეგები გამოცხადდება
მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. ამასთანავე, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.
იმ სკოლებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციის მიერ უკვე ინფორმირებულნი არიან როგორც მოსწავლეთა მშობლები ასევე მასწავლებლები (იხ. სკოლების ჩამონათვალი).
როგორც ცნობილია, 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე, გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება.