განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი თამარ ჯაყელი საგნების სწავლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავზობთ მის ჩანაწერს.
„ნაცნობები პირად ფოსტაზე მწერენ, რატომ აუქმებთ საგნების სწავლებასო! არ ვიცი, ეს ცრუ ინფორმაცია საიდან გავრცელდა. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - ახალი სკოლის მოდელი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი ყველა საგანს თავის კუთვნილი ადგილი უჭირავს და არავინ აპირებს მათ გაქრობას!!! შეგიძლიათ ნახოთ ეროვნული სასწავლო გეგმა და თავად დარწმუნდეთ ამაში - ყველა საგანი თავის ადგილზეა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ახალი სკოლის მოდელის პროექტს 24 მხარდაჭერი ჯგუფი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლენილი - თითოეულ ჯგუფში ყველა სავალდებულო საგნის სპეციალისტია წარმოდგენილი, რომლებიც ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით თითოეული საგნის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
დაბოლოს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ახალი სკოლის მოდელის ხედვით, განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზა საგანთა გაღრმავებული სწავლა-სწავლებაა და სწორედ საგანთა გაღრმავებული სწავლებისკენაა მიმართული ამ პროექტში გაერთიანებულ ადამიანთა ძალისხმევა,“ - წერს თამარ ჯაყელი.
„სკოლებიდან ამოღებულ, აკრძალულ ნივთებს შორის უმრავლესობა თამბაქოსა და აზარტული თამაშების პროდუქციაა“ - მანდატურის სამსახური
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პირველი იანვრიდან 11 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლებში 1365 აკრძალული ნივთი იქნა ამოღებული.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ნივთებს შორის ერთი ცეცხლსასროლი იარაღი და სამი ელექტროშოკია. ამოღებულ იქნა ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო 13 ნივთი. ყველაზე მეტი, 891 ნივთი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში იქნა ამოღებული, თამბაქოს ნაწარმი, სანთებელა და ასანთია. შემდეგ მოდის ბანქო ან სხვა აზარტული საშუალება – 207 ერთეული. მოსწავლეებს შორის პოპულარული, აკრძალული ნივთების სამეულში შედის ცივი იარაღი (დანა) – 77 ერთეული. აღნიშნულ პერიოდში ასევე ამოიღეს ელექტროსიგარეტი – 60 ერთეული. სკოლებიდან ამოღებული, დანარჩენი ნივთების ჩამონათვალი ასეთია: ბლაგვი საგანი – ექვსი, ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება – ოთხი, საახალწლო ასაფეთქებელი (პიტარდა) – 10, პნევმატური, სასიგნალო (სტარტოვკა) ან აირის საშუალება – ხუთი, ბასრი იარაღი 14, კასტეტი – 48, ალკოჰოლის ნაწარმი 26.