განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი თამარ ჯაყელი საგნების სწავლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავზობთ მის ჩანაწერს.
„ნაცნობები პირად ფოსტაზე მწერენ, რატომ აუქმებთ საგნების სწავლებასო! არ ვიცი, ეს ცრუ ინფორმაცია საიდან გავრცელდა. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - ახალი სკოლის მოდელი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი ყველა საგანს თავის კუთვნილი ადგილი უჭირავს და არავინ აპირებს მათ გაქრობას!!! შეგიძლიათ ნახოთ ეროვნული სასწავლო გეგმა და თავად დარწმუნდეთ ამაში - ყველა საგანი თავის ადგილზეა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ახალი სკოლის მოდელის პროექტს 24 მხარდაჭერი ჯგუფი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლენილი - თითოეულ ჯგუფში ყველა სავალდებულო საგნის სპეციალისტია წარმოდგენილი, რომლებიც ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით თითოეული საგნის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
დაბოლოს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ახალი სკოლის მოდელის ხედვით, განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზა საგანთა გაღრმავებული სწავლა-სწავლებაა და სწორედ საგანთა გაღრმავებული სწავლებისკენაა მიმართული ამ პროექტში გაერთიანებულ ადამიანთა ძალისხმევა,“ - წერს თამარ ჯაყელი.
„განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა რომ მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია“ - მიხეილ ჩხენკელი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საჯარო თუ კერძო სკოლებში აუცილებელია პიროვნებაზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბება, რათა თითოეულ მოზარდს მიეცეს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება.
„იმისათვის, რომ განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია. აუცილებელია ბიუროკრატიის შემცირების მიზნით, სკოლების დეცენტრალიზაციის მიმართულებით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს. სწავლების მთავარი მიზანი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარება უნდა იყოს.
სწორედ ამას გულისხმობს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს საქართველოს 100-ზე მეტ სკოლაში სწავლა-სწავლების პრინციპები, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების და თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გუნდური მუშაობის პრაქტიკა დაინერგა. პროგრამა აგრეთვე გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას და წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნას. ამ მოდელის დანერგვა მოსწავლეებისთვის კომპლექსური, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარების პირობებს ქმნის. ეტაპობრივად, 2023 წლამდე პროგრამა საქართველოს ყველა საჯარო სკოლას მოიცავს, “ - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.