განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი თამარ ჯაყელი საგნების სწავლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავზობთ მის ჩანაწერს.
„ნაცნობები პირად ფოსტაზე მწერენ, რატომ აუქმებთ საგნების სწავლებასო! არ ვიცი, ეს ცრუ ინფორმაცია საიდან გავრცელდა. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - ახალი სკოლის მოდელი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი ყველა საგანს თავის კუთვნილი ადგილი უჭირავს და არავინ აპირებს მათ გაქრობას!!! შეგიძლიათ ნახოთ ეროვნული სასწავლო გეგმა და თავად დარწმუნდეთ ამაში - ყველა საგანი თავის ადგილზეა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ახალი სკოლის მოდელის პროექტს 24 მხარდაჭერი ჯგუფი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლენილი - თითოეულ ჯგუფში ყველა სავალდებულო საგნის სპეციალისტია წარმოდგენილი, რომლებიც ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით თითოეული საგნის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
დაბოლოს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ახალი სკოლის მოდელის ხედვით, განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზა საგანთა გაღრმავებული სწავლა-სწავლებაა და სწორედ საგანთა გაღრმავებული სწავლებისკენაა მიმართული ამ პროექტში გაერთიანებულ ადამიანთა ძალისხმევა,“ - წერს თამარ ჯაყელი.
9 აპრილის შემდეგ მოსწავლეები და მასწავლებლები ონლაინ სწავლებისგან კიდევ რამდენიმე დღით დაისვენებენ. 2020 წლის 19 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომოდ სასწავლო პროცესი 4 დღით შეჩერდება.
როგორც Momsedus.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, როგორც არადისტანციური სწავლების დროს ისვენებდნენ სკოლები წითელ პარასკევსა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის შემდეგი ორშაბათი), ამ შემთხვევაშიც ისარგებლებენ დასვენების უფლებით (შაბათი და კვირა ისედაც დასვენების დღეებია).
საქართველოს სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი თითქმის ერთი თვეა, დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღდგება სკოლებში სწავლა ჩვეულებრივი ფორმით. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სამინისტრომ რამდენიმე სცენარზე იმუშავა:
„ჩვენ ვიმუშავეთ ყველა ტიპის სცენარზე. სამინისტრო მზადაა, თუ ყველაფერი კარგად იქნება და სასწავლო წელი, თუნდაც მაისის პირველ რიცხვებში დავიწყეთ, საკლასო ოთახებში დაბრუნების შემთხვევაშიც შეგვიძლია, დავასრულოთ სასწავლო წელი გარკვეული რეკომენდაციების საფუძველზე. თუ ეს ვერ მოხერხდება, ჩვენ გარკვეულ ალტერნატივებს შევთავაზებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და ამ სასწავლო წელს 15 ივნისს დავასრულებთ ისე, რომ მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.