Baby Bag

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

დღეიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი იწყება. 


ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს - ​grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 18 მარტს დასრულდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ნიმუში

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ნიმუში

გთავაზობთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ნიმუშს. კვლევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა, ლელა მეტრეველმა განახორციელა. ​Moms.ge-ს კვლევის ანგარიში სწორედ მან მიაწოდა. 

საკვლევი საკითხი იყო ეფექტური სტრატეგიების მნიშვნელოვნება წერის სწავლების პროცესში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან. კვლევის მიზანი გახლდათ, იმ მეთოდებისა და სტრატეგიების დადგენა, რომლებიც დაეხმარებოდა მოსწავლეებს წერის სწავლების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაში:

„კვლევაში ასახულია ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად მოპოვებული შედეგები და დასკვნები, რომელთა ანალიზი იძლევა საშუალებას დავადგინოთ, როგორია მოსწავლეთა დამოკიდებულება წერის სხვადასხვა სტრატეგიისადმი, რამდენად განაპირობებს ეფექტურად შერჩეული მეთოდი წერის სწავლებისას მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. კვლევის ანგარიში მოიცავს იმას, თუ რომელი მეთოდები და სტრატეგიებია ეფექტური წერის სწავლებისათვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში. როგორ უნდა ვასწავლოთ წერა მოსწავლეებს? რომელია წერის სწავლების ყველაზე ეფექტური მეთოდები? ნამუშევარში განხილულია მეთოდოლოგია და მოცემულია კლევის შედეგების ანალიზი. კვლევის ანგარიშს თან ერთვის დანართის სახით კვლევისას გამოყენებული ტექსტები, მოსწავლეთა ნამუშევრები, ტესტის ნიმუშები, გამოკითხვის კითხვარი, გრაფიკული სქემები. ჩემს მოსწავლეებთან ჩატარებული კვლევის ანგარიშის შედეგად ჩამოყალიბებული დასკვნები და რეკომენდაციები, ვფიქრობ, საინტერესო იქნება, არა მარტო მესამე კლასის მასწავლებელთათვის, არამედ ზოგადად დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის. მათი გათვალისწინებისა და სასწავლო პროცესში დანერგვის შედეგად ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია და გაიზრდება წერის სწავლების დონე დაწყებით კლასებში“, - აღნიშნულია ლელა მეტრეველის კვლევის შესავალში. 

იხილეთ კვლევა ბმულზე - ​ეფექტური სტრატეგიების მნიშვნელოვნება წერის სწავლების პროცესში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან

ამავე თემაზე: ​როგორ უნდა განხორციელდეს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - მაგალითი

წაიკითხეთ სრულად