Baby Bag

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

დღეიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი იწყება. 


ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს - ​grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 18 მარტს დასრულდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

კონკურსი 2019 წლის საუკეთესო დირექტორის გამოსავლენად

კონკურსი 2019 წლის საუკეთესო დირექტორის გამოსავლენად

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს - „საჯარო სკოლის 2019 წლის საუკეთესო დირექტორი“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორს, რომელსაც აქვს დირექტორად მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იმ სკოლაში, რომელ სკოლაშიც არის მოქმედი დირექტორი კონკურსის გამოცხადების მომენტში.

კონკურსში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს:

ა) საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას (იხ. დანართი);

ბ) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს;

გ) განათლების სფეროში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

„ბ“ - „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ დირექტორის კანდიდატურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შემდეგ, ცენტრი წერილობით მიმართავს დირექტორს, რათა მან შეავსოს დანართით განსაზღვრული ფორმა, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.

კონკურსში მონაწილე დირექტორმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ვიდეო (არაუმეტეს 5 წუთის ხანგრძლივობის), სახელწოდებით „ჩემი სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა“.

საკონკურსო ვიდეოები გადმოგზავნილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: sauketesodirektori@gmail.com

რეგისტრაციის ვადა: 2019 წლის 21 მაისიდან - 21 ივლისის ჩათვლით;

კონკურსში გამარჯვებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • საკუთარი სკოლის განვითარებაზე ზრუნვა;
  • თანამშრომლობითი კულტურის დანერგვის ხელშეწყობა;
  • ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა;
  • სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
  • რესურსების ეფექტიანი მართვა;
  • თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
  • ინოვაციურობა.

კონკურსის ეტაპებია:

  1. ტექნიკური გადარჩევა;
  2. ვიდეოჩანაწერის შეფასება;
  3. გასაუბრება;
  4. დირექტორის საქმიანობის შეფასება ადგილზე
წაიკითხეთ სრულად